თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა უეფა-ს მიერ თურქი ფეხბურთელის, მერიჰ დემირალის ევროპის ჩემპიონატზე დისკვალიფიკაციას პოლიტიკურად მოტივირებული გადაწყვეტილება უწოდა, რომელიც ჩრდილს აყენებს ტურნირს.
ამის შესახებ ერდოღანმა გერმანიაში დაბრუნების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, დემირალის დისკვალიფიკაცია არა იმდენად თავად ფეხბურთელის, არამედ თურქეთის წინააღმდეგ არის მიმართული.
ერდოღანმა აღნიშნა, რომ თურქეთის ნაკრებმა მის მიმართ გამოვლენილ უსამართლობას ბრწყინვალე თამაშით უპასუხა.
„დასავლეთის მიდგომა თურქეთის მიმართ, მენტალიტეტის თვალსაზრისით, არ შეცვლილა, განწყობები უცვლელია. სასჯელი, რომელიც მათ დაუწესეს მერიჰ დემირალს, წინასწარ იყო შეთანხმებული. ფაქტობრივად, ეს არის თურქი ერის დასჯა. საუკეთესო ჯილდო ამისთვის იქნებოდა ნიდერლანდების ეროვნულ ნაკრებთან მატჩში გამარჯვება. სამწუხაროდ, ეს არ მოხდა, მაგრამ წინაა 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატი და 2028 წლის ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატი. იმედი გვაქვს, რომ გვექნება შურისძიების შანსი“, – განაცხადა ერდოღანმა.
თურქ ფეხბურთელს მერიჰ დემირალს ნაციონალისტური ორგანიზაციის, „რუხი მგლების“ მხარდამჭერი ჟესტის გამო დისკვალიფიკცია მისცეს.
თურქმა ფეხბურთელმა ულტრამემარჯვენე დაჯგუფების მხარდამჭერი ჟესტი ავსტრიის ეროვნულ ნაკრებთან გამარჯვების შემდეგ გააკეთა.