ბრიტანეთის საგარეო საქმეთა ახალმა მინისტრმა დევიდ ლამიმ განაცხადა, რომ ახალი მთავრობა უკრაინის მხარდაჭერას გააგრძელებს.
„ჩვენი მთავრობა ერთგული დარჩება უკრაინის დახმარების საკითხში დიდი ბრიტანეთის ლიდერობისა და უკრაინის უსაფრთხოების ურყევი მხარდაჭერის მიმართ“, - დაწერა მან X-ზე.
6 ივლისს გერმანიაში ვიზიტის დროს ლამიმ ასევე განაცხადა, რომ მან და გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანალენა ბერბოკმა განიხილეს უკრაინის მიმართ მხარდაჭერის საკითხი.
თავის მხრივ, გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ ნატო-ს სამიტის წინა დღეს ბერბოკი და ლამი განიხილავენ, მოკავშირეებთან ერთად, კიდევ უფრო ეფექტური როგორ გახადონ უკრაინის დახმარება.
გერმანია პირველი ქვეყანაა, რომელსაც ლამი ეწვია მას შემდეგ, რაც ბრიტანეთში ლეიბორისტული ახალი მთავრობა მოვიდა ხელისუფლებაში. "გაერთიანებული სამეფოს ახალმა მთავრობამ ძალიან მკაფიოდ ჩამოაყალიბა თავისი პრიორიტეტები. ჩვენ გვინდა ევროპასთან ჩვენი ურთიერთობების გადატვირთვა", - განაცხადა ბრიტანეთის საგარეო საქმეთა ახალმა მინისტრმა.
ლამის თქმით, დიდი ბრიტანეთი განიხილავს, თუ როგორ დააახლოოს გაერთიანებული სამეფო ევროკავშირთან. მან გამორიცხა სამეფოს დაბრუნების შესაძლებლობა ევროკავშირის შიდა ბაზარზე და ევროკავშირის საბაჟო კავშირში, მაგრამ აღნიშნა, რომ მხარეებს შეუძლიათ ბევრი რამ გააკეთონ ერთად, „დაწყებული უსაფრთხოებით და უსაფრთხოების პაქტით გაერთიანებულ სამეფოსა და ევროკავშირს შორის“.
ლამის განცხადებით, ასეთი შეთანხმება შეიძლება მოიცავდეს თემების ძალიან ფართო სპექტრს, მათ შორის თავდაცვის, ენერგეტიკისა და კლიმატის ჩათვლით. „მინდა ნათლად განვაცხადო, რომ ევროპელები ჩვენი მეგობრები არიან და ჩვენ, ევროპაში ომის ფონზე, უნდა გავაგრძელოთ თავდაცვის ხარჯების გაზრდა და მჭიდრო თანამშრომლობა“, - თქვა მან.