აშშ-ის სამხედრო დეპარტამენტის განცხადება რუსეთის მიმართ ძალიან მაამებელი გზავნილია, რადგან მოსკოვი ხედავს, რომ სამხრეთ კავკასიაში აშშ-ის ინტერესები შესაძლოა, სუსტდებოდეს, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, ირაკლი ქადაგიშვილმა პენტაგონის მიერ გუშინ გაკეთებული განაცხადების კომენტირებისას აღნიშნა.
„ზოგადად, ვთვლი, რომ ამ ეტაპზე ამ წვრთნებთან დაკავშირებით რაიმე დიდი ინტერესი არ გააჩნდათ, თორემ წვრთნები ჩატარდებოდა და ამას წინ არაფერი ედგა. ეს წმინდა სამხედრო კომპონენტის მიმართ ინტერესი გამოიყენეს და პოლიტიკური ხასიათის განცხადება გაკეთდა. ეს რუსეთის მიმართ ძალიან მაამებელი გზავნილია, რადგან რუსეთი ხედავს, რომ სამხრეთ კავკასიაში აშშ-ის ინტერესები შესაძლოა, სუსტდებოდეს. ეს არ იყო კარგი სვლა, დამაზიანებელი სვლაა. ეს სვლა განპირობებულია არა იმდენად ამერიკელი სამხედროების მხრიდან, არამედ გაგრძელებაა იმ პოლიტიკისა, რომელი პოლიტიკის ხაზგასმაც იყო ამ განცხადებაში, რომ ჩვენ არ ვერევით ქვეყნის საშინაო საქმეებში და არ გვსურს მაიდანიზაცია. ეს განცხადება სწორედ მაიდანის მოსურნეთა წისქვილზე წყლის დასხმა გამოდის“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.
შეგახსნებთ, 5 ივლისს აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტმა გაავრცელა განცხადება, რომლის თანახმად, საქართველოში სამხედრო წვრთნები "ღირსეული პარტნიორი", რომელიც 25 ივლისიდან 6 აგვისტომდე უნდა გამართულიყო, განუსაზღვრელი ვადით გადაიდო.