ბრიტანეთის ახალმა პრემიერ-მინისტრმა, კირ სტარმერმა უკრაინის პრეზიდენტთან სატელეფონო საუბრისას ვოლოდიმირ ზელენსკი უკრაინის მიმართ ბრიტანეთის ურყევ მხარდაჭერაში დაარწმუნა.
ამის შესახებ ზელენსკი Х-ში წერს.
„მოხარული ვარ, რომ სატელეფონო საუბარი მქონდა სერ კირ სტარმერთან დიდი ბრიტანეთის ახალ პრემიერ-მინისტრად დანიშვნის დღეს, მივულოცე მას არჩევნებში გამარჯვება და ვუსურვე ბრიტანელი ხალხის მოლოდინების წარმატებით განხორციელება“, - წერს ზელენსკი .
ზელენსკის თქმით, სტარმერმა დაარწმუნა, რომ უკრაინისადმი დიდი ბრიტანეთის მხარდაჭერა უცვლელი დარჩება.
„ვაშინგტონში ნატო-ს სამიტისა და სხვა საერთაშორისო ღონისძიებების წინ პოზიციები შევაჯერეთ და განვიხილეთ ორმხრივი თანამშრომლობის გაგრძელება, კერძოდ, უპრეცედენტო 100-წლიანი შეთანხმების მომზადება უკრაინასა და დიდ ბრიტანეთს შორის“, - აღნიშნა ზელენსკიმ.
ლეიბორისტული პარტიის ლიდერი კირ სტარმერი ოფიციალურად გახდა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ბუკინგემის სასახლეში მეფე ჩარლზ III-სთან აუდიენციის შემდეგ.
ლეიბორისტების ლიდერმა შეხვედრა გამართა ბუკინგემის სასახლეში მას შემდეგ, რაც რიში სუნაკი გადადგა საპარლამენტო არჩევნებში კონსერვატიული პარტიის დამარცხების შემდეგ.