არ ველოდები აშშ-ის სანქციებს, რადგან სამართლიანობის თემას ვერანაირად ვერ მოვხსნი დღის წესრიგიდან, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.
მისი თქმით, გამჭვირვალობა საქართველოში იმაზე ნაკლებად აქტუალური არ არის, ვიდრე არის ევროპასა და აშშ-ში.
„აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერის მოადგილის განცხადება მოვისმინეთ, რომ ამ საკითხებზე მსჯელობა მიმდინარეობს, თუმცა ვერაფერს გეტყვით, რა შედეგებზე გავლენ – შემდგომ განცხადებებს დაველოდოთ. არ ველოდები აშშ-ის სანქციებს, რადგან სამართლიანობის თემას ვერანაირად ვერ მოვხსნი დღის წესრიგიდან. კრიტიკა უსამართლოდ მიმაჩნია, ვინაიდან გამჭვირვალობა საქართველოში იმაზე ნაკლებად აქტუალური არ არის, ვიდრე არის ევროპასა და აშშ-ში. პრაქტიკა გვიჩვენებს, რომ არასამთავრობო ორგანიზაციები ასეთი გამჭვირვალობისთვის ვითომ და მზად იყვნენ, შემდეგ კი საკითხი დღის წესრიგიდან მოიხსნა. კანონპროექტის დღის წესრიგში დაბრუნება სწორედ ამან განაპირობა. ყოველდღიურად ველოდებით, რომ ვინმე პარტნიორი ქვეყნებიდან ან არასამთავრობო ორგანიზაციების დამფინანსებლები განაცხადებენ იმის თაობაზე, რომ გამჭვირვალობა ნამდვილად არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს და არასამთავრობო ორგანიზაციები პოლიტიკურ საქმიანობაში არ უნდა იყვნენ ჩართული. ჩვენ არასამთავრობო ორგანიზაციების და კონკრეტული პროგრამების დაფინანსების გამჭვირვალობას ვითხოვთ. ამაში არაფერია ისეთი, რაც რუსულ კანონს ჰგავს და იმ ინტერესს შეესაბამება, რომელიც საქართველოს სახელმწიფოს გააჩნია, რათა არ მოხდეს არასამთავრობო ორგანიზაციების რესურსის დესტაბილიზაციისთვის გამოყენება“, – განაცხადა ვოლსკიმ.