ვაშინგტონში, ბრუკინგსის ინსტიტუტში გამოსვლისას, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა გაიხსენა, თუ რამდენად რთული იყო უკრაინის დაპირისპირება კრემლთან და აღნიშნა, რომ ნატო-ს მომავალ სამიტზე კიევისთვის დახმარების შესახებ მეტი კარგი სიახლე იქნება.
„2022 წლის თებერვალში, როდესაც რუსები თავს დაესხნენ უკრაინას, ყველაზე საშინელი იყო რეალური საფრთხე, რომ ისინი მიზანს მიაღწევდნენ. გახსოვთ რა იყო პუტინის მიზანი? მას განზრახული ჰქონდა უკრაინის წაშლა რუკიდან, რათა დასრულებულიყო მისი მომავალი, როგორც დამოუკიდებელი ქვეყანის და შეეყვანა ის „დიდ რუსეთში“.
ეს არ მომხდარა და არ მოხდება ორი მიზეზის გამო:
რა თქმა უნდა, უკრაინელების არაჩვეულებრივი სიმამაცისა და გამძლეობის წყალობით. თუმცა, კიდევ იმიტომ, რომ 50-ზე მეტი ქვეყანა გაერთიანდა, შეერთებული შტატების ხელმძღვანელობით, უკრაინის მხარდასაჭერად და დასაცავად.
ასე რომ, ეს უკვე დიდი წარმატებაა, თუ გავითვალისწინებთ სად ვიყავით მაშინ, როცა თითქოს ყველაფერი გაქრა და რისი მიღწევა შევძელით.
თუმცა, როდესაც ჩვენ მომავალს ვუყურებთ, ვფიქრობ, ჩვენ უნდა გავამახვილოთ ყურადღება კითხვაზე: როგორ განვსაზღვროთ რა წარმოადგენს წარმატებას? და ჩემთვის, ჩვენთვის შეერთებულ შტატებში, ვფიქრობ, წარმატება - და ეს სრულიად აშკარაა - არის უკრაინა, როგორც ძლიერი, წარმატებული ქვეყანა, რომელიც სულ უფრო მეტად ინტეგრირდება დასავლეთთან.
ქვეყანა, რომელსაც შეუძლია ფეხზე დადგეს სამხედრო, ეკონომიკური და დემოკრატიული თვალსაზრისით. და ჩვენ ვატარებთ პოლიტიკას ამის მისაღწევად და იმისათვის, რომ დავრწმუნდეთ, რომ ეს ასეც მოხდება.
ასევე მნიშვნელოვანია, რომ უკრაინამ განავითაროს თავისი შესაძლებლობები თავდაცვაში და მომავალში აგრესიის შეკავებაში მრავალი წლის განმავლობაში.
პრეზიდენტმა ბაიდენმა იპოვა გზა, რათა დაერწმუნებინა 30-ზე მეტი ქვეყანა უკრაინასთან მოლაპარაკებაზე, დაედოთ ორმხრივი უსაფრთხოების შეთანხმებები.
დაახლოებით 20 შეთანხმებას მოაწერა ხელი პრეზიდენტმა ზელენსკიმ სხვადასხვა ქვეყნებთან სულ რამდენიმე კვირის წინ იტალიაში, G7 სამიტის ფარგლებში.
ეს არის გრძელვადიანი ვალდებულება, უკრაინას ძლიერი შეკავებისა და თავდაცვის შესაძლებლობების განვითარებაში დასახმარებლად.
ეს ყველაფერი აჩვენებს ვლადიმირ პუტინს, რომ ის ვერ შეძლებს დაელოდოს დროს , რომ კვლავ შეუტიოს უკრაინას. ის ვერ შეძლებს უკრაინის პარტნიორების დაღლას. იმავდროულად, უკრაინა განავითარებს საკუთარ თავდაცვის ინდუსტრიულ ბაზას ისე, რომ თავისი თავი უზურინველყოს.
ჩვენ უკვე ვცდილობთ კერძო ინვესტიციების მოზიდვას უკრაინაში, რათა უზრუნველვყოთ მისი ეკონომიკის ზრდა და აყვავება. ჩვენ უკვე ვნახეთ შავ ზღვაში არსებული ვითარების მაგალითიდან, რომ უკრაინამ ექსპორტი 2022 წლის თებერვლამდე არსებულ დონემდე აღადგინა.
თუმცა, აუცილებელია დარწუნება, რომ ჩვენ გვქონდეს საჰაერო თავდაცვის შესაძლებლობები იმ ტერიტორიების დასაცავად, რომლებშიც თქვენ ინვესტირებას აკეთებთ. ჩვენ ამ პროცესში წინ მივდივართ.
ვფიქრობ, თქვენ იხილავთ უფრო მეტ სიახლეს ამის შესახებ მალე, როდესაც მომავალ კვირას ნატო-ს სამიტი შეიკრიბება.
და ბოლოს, დემოკრატიის გაძლიერების შესახებ. ევროკავშირმა უკრაინის გაწევრიანების პროცესი გახსნა. ეს არის საუკეთესო გარანტია იმისა, რომ უკრაინა გააგრძელებს საჭირო რეფორმების გატარებას დემოკრატიის გასაძლიერებლად და გაღრმავებისთვის“, - განაცხადა ბლინკენმა.