ძალადობის წყაროა იმ ადამიანთა ჯგუფი, რომელშიც, მათ შორის, ზუკა ბერძენიშვილია გაერთიანებული, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, გია ვოლსკიმ სამოქალაქო აქტივისტზე, მოძრაობა „სირცხვილიას“ წევრ ზუკა ბერძენიშვილზე მომხდარ თავდასხმასთან დაკავშირებით განაცხადა.
რეალურად, საშინელება ისაა, რომ ისინი თავის მიზანს აღწევენ. ნაცემი ზუკა ბერძენიშვილი სწორედ ეს მიზანია, რომელიც გარკვეულ ჯგუფებს დასახული აქვთ - რომ აგრესიას აუცილებლად მოჰყვება აგრესია. ეს კარგად იციან და მუდმივად, ყოველდღიურად, ინტენსიურად აწარმოებენ იმ პოლიტიკასა და სტრატეგიას, რომ როგორმე, საზოგადოებაში დაძაბულობა არ მოიხსნას. და თუ ეს ფიზიკურ ძალადობაში გადადის, მათთვის ეს მთავარი ამოცანა და მიღწევაა. რასაკვირველია, ძალადობა, ვისზეც და რომელი მხრიდანაც არ უნდა იყოს, დასაგმობი და ასალაგმია“, - თქვა ვოლსკიმ.
ჟურნალისტებმა მას ჰკითხეს, რამდენად შეიძლება, შემთხვევითი იყოს თუ არა ის, რომ პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის პოსტის გამოქვეყნებიდან რამდენიმე საათში, ზუკა ბერძენიშვილს სახლთან დახვდნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ.
„ნუ ამბობთ ეგრე, რომ შალვა პაპუაშვილმა პოსტი გამოაქვეყნა და ამით ვიღაცას რაღაცაზე მიუთითა. ძალადობა წარმოშობს ძალადობას და ძალადობის წყაროა იმ ადამიანთა ჯგუფი, რომელშიც, მათ შორის, ზუკა ბერძენიშვილია გაერთიანებული“, - განაცხადა ვოლსკიმ.