ჩემი ინფორმაციით, პირველ ეტაპზე არის სავიზო შეზღუდვა, რომელიც ეხება, მათ შორის, პოლიციის კონკრეტულ მაღალჩინოსნებს, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, ხატია დეკანოიძემ განაცხადა.
ხატია დეკანოიძემ კომენტარი გააკეთა სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის, მეთიუ მილერის განცხადებაზე, რომელშიც მან აღნიშნა: „ჯერ არ გამოგვიცხადებია ინდივიდუალური სანქციები. აქ შევჩერდები. თუმცა ცხადად ვთქვით, რომ მათ დაწესებას არ დავაყოვნებთ”
დეკანოიძის თქმით, არსებობენ „ქართული ოცნების“ დეპუტატები, რომლებიც მალავენ, რომ მათი ოჯახის წევრები აშშ-ში სწავლობენ ან ცხოვრობენ. გულწრფელად გითხრათ, არ მესმის, რატომ მალავენ.
„ამერიკის სახელმწიფო მდივნის განცხადება გულისხმობს, რომ კონგრესის და სენატის საკანონმდებლო ინიციატივებთან ერთად, ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტს აქვს უფლებამოსილება და ვალდებულება, კონკრეტული ადამიანების წინააღმდეგ დააწესოს სანქციები. გუშინ ეს მეთიუ მილერის განცხადებით დადასტურდა, რომელმაც თქვა, რომ ასეთი პაკეტი არსებობს. რა თქმა უნდა, შესაძლებელია, ყველა ადამიანი მოხვდეს სანქციებში და მოხვდება კიდეც. ეს ეხება სავიზო რეჟიმის შეზღუდვას, ფინანსურ სანქციებს. ჩემი ინფორმაციით, პირველ ეტაპზე არის სავიზო შეზღუდვა. ეს ეხება სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის, ადამიანის უფლებების დამრღვევი პოლიციის კონკრეტულ მაღალჩინოსნებს. მესმის, რომ ძალიან აღიზიანებთ, პირად შეურაცხყოფაზე გადმოდიან, პროპაგანდისტული გზავნილები და მანქანა აქვთ ჩართული. რაც შეეხება შეტყობინებებს, სხვათა შორის, არსებობენ „ქართული ოცნების“ დეპუტატები, რომლებიც მალავენ, რომ მათი ოჯახის წევრები აშშ-ში სწავლობენ ან ცხოვრობენ. გულწრფელად გითხრათ, არ მესმის, რატომ მალავენ. მათ ზუსტად იციან, რომ ექნებათ და აქვთ შეტყობინება, რომ მალე აშშ-დან გამოძევებული იქნებიან. არ ვიცი, მეილებზე თუ ტელეფონებზე, მაგრამ შეტყობინებები აქვთ. „ქართული ოცნების“ დეპუტატები ამაზე ერთმანეთში საუბრობენ და სწუხან, რომ მათი ოჯახის წევრები გამოძევებული იქნებიან აშშ-დან“, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.