აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის, მეთიუ მილერის თქმით, მათი მხრიდან, საქართველოში ინდივიდუალური სანქციები ჯერ არ გამოცხადებულა, თუმცა არ დააყოვნებენ. მან ჟურნალისტ ალექს რაუფოღლუს შეკითხვებს უპასუხა.
სახელმწიფო დეპარტამენტში გამართულ ყოველდღიურ ბრიფინგზე მეთიუ მილერმა აღნიშნა, რომ აშშ განიხილავს საპასუხო ქმედებებს მას შემდეგ, რაც პარლამენტმა მიიღო აგენტების კანონის.
"ჩვენ საკმაო შეშფოთება გამოვხატეთ იმის გამო, რომ ეს კანონი საქართველოს დემოკრატიული ტრაექტორიიდან გადაიყვანს. სამოქალაქო საზოგადოების სტიგმატიზაციას უკეთებს და ახშობს გამოხატვისა და შეკრების თავისუფლებას. ეს ის ქმედებებია, რაც ფუნდამენტურად ცვლის აშშ-საქართველოს ურთიერთობებს. სწორედ ამიტომ, ჩვენ დავიწყეთ ჩვენი ურთიერთობების გადახედვა და განვიხილავთ საქართველოს ხელისუფლების საპასუხო ქმედებას", - განაცხადა მან.
რაუფოღლუმ მილერს ჰკითხა მოსაზრება თბილისის მერის, კახა კალაძის სიტყვებთან დაკავშირებით, რომ ის სანქციებს არ მოელის.
"ჩვენ გამოვაცხადეთ ახალი სანქციების პოლიტიკა. ჯერ არ გამოგვიცხადებია ინდივიდუალური სანქციები. აქ შევჩერდები. თუმცა ცხადად ვთქვით, რომ მათ დაწესებას არ დავაყოვნებთ." – თქვა მილერმა.
მილერს ასევე ჰკითხეს, თუ რატომ არ ახსენა საქართველო სახელმწიფო მდივანმა აღმოსავლეთ ევროპაში ვიზიტის დროს, მილერმა თქვა:
"სახელმწიფო მდივანმა გამოაქვეყნა განცხადება, რომელშიც საუბარი იყო საქართველოსთან ჩვენი პოლიტიკის ყოვლისმომცველ გადახედვაზე, რამაც შესაძლოა საფრთხე შეუქმნას ასობით მილიონ დოლარს, რომელსაც საქართველოს დასახმარებლად ვაწვდიდით. ასევე გამოცხადებულია ვიზების შეზღუდვის პოლიტიკა და სრულიად უნდა გქონდეთ მოლოდინი, რომ აშშ ამ მიმართულებით იმოქმედებს. აქ შევჩერდები." – დაამატა მილერმა.