ბათუმის საკრებულოს ოპოზიციონერმა დეპუტატმა, ნოდარ დუმბაძემ სხდომაზე განაცხადა, რომ მის 8 წლის შვილს დაურეკეს და შეურაცხყოფა მიაყენეს.
„8 წლის შვილს ურეკავენ ღამის 2 საათზე და აგინებენ და ესენი მელაპარაკებიან ბიუჯეტის გაზრდაზე, თურმე მადლობა უნდა ვუხადო ბატონ ბიძინას,“ - ამბობს ნოდარ დუმბაძე.
ასევე ოპოზიციონერმა დეპუტატმა ვაჟა დარჩიამ განაცხადა, რომ მისი ოჯახის წევრებს, მათ შორის მშობლებს, ურეკავენ და აშანტაჟებენ.
„რეაგირებას ვითხოვთ და კოლეგებისგან სოლიდარობას, როცა ჩემი ოჯახის წევრებს, მშობლებს, ღამის სამ საათზე ურეკავენ, აგინებენ და ემუქრებიან, რომ მათმა შვილებმა აქციებზე აღარ იარონ. რას ნიშნავს ეს? ხელისუფლება ვალდებულია ეს გამოიძიოს და გაგვაგებინოს, თუ თავად არ დგანან, ვინ დგას ამის უკან“, – განაცხადა ვაჟა დარჩიამ.
ოპოზიციონერი დეპუტატების განცხადებებს „ქართული ოცნების“ და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს შორის დაპირისპირება მოჰყვა.