გიგი უგულავას განცხადებით, დღეს არ არის იმის დრო, ხელისუფლების ოპონენტებმა ერთმანეთს წარსული შეახსენონ და ერთმანეთთან მისასვლელი გზები ჩახერგონ.
"ივანიშვილმა მოახერხა, ამ 12 წლის განმავლობაში, გამოეყვანა ზომბის, თუ გინდათ დაარქვით ჩუსტის, რომელსაც წინააღმდეგობის გაწევა არ შეუძლია, სპეციალური ჯიში - კოლექტიური კობახიძე, რომელსაც არ აქვს სიტყვა არა! ის მზად არის, თანხმობა მისცეს ივანიშვილს ყველა ბოროტებაზე. ასე მუშაობს სისტემა, რომლის გაჩერება მხოლოდ არნახული კონსოლიდაციით არის შესაძლებელი" - განაცხადა უგულავამ ტვ პირველის ეთერში.
მისივე თქმით, რუსული კანონის მიღებამ საზოგადოებასა და ივანიშვილს შორის მთავარი ნაპრალი გააჩინა: "საზოგადოებას უნდა ევროპა, ივანიშვილს - რუსეთი".
"როდესაც იქით არის ზომბი, შენ სხვა გამოსავალი არ გაქვს და უნდა მონახო საერთო ენა", - ამბობს უგულავა ოპოზიციის მისამართით.
რაც შეეხება საპროტესტო მუხტს, უგულავას განცხადებით, ამ სურათით პროტესტი უკვე საზოგადოებრივ-პოლიტიკური გახდა. "ეს ფაზა უკვე შემოდგომის არჩევნებს უკავშირდება"- დასძინა მან.