გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ შამუგიამ, პარლამენტში 2023 წლის ანგარიშის წარდგენის ფორმატში, კლიმატის გლობალური ცვლილების ფონზე გახშირებული სტიქიური მოვლენებით გამოწვეული მძიმე შედეგების პრევენციაზე ისაუბრა.
„კლიმატის ცვლილების ფონზე, განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ბუნებრივი საფრთხეების შეფასებას, ამინდისა და მოსალოდნელი სტიქიური პროცესების პროგნოზირებას. ამ მიმართულებით, ბოლო წლებში სახელმწიფოს მხრიდან მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა, რაც აღნიშნულია გასულ წელს გამოქვეყნებული ევროკომისიის გაფართოების ანგარიშშიც, სადაც ხაზგასმით არის ნათქვამი, რომ საქართველომ, როგორც ცენტრალურ, ასევე ადგილობრივ დონეზე, მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა სამოქალაქო უსაფრთხოების და კატასტროფების რისკების მენეჯმენტის სისტემების განვითარებისთვის. დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოში ფუნქციონირებს თანამედროვე 2 ერთეული მეტეოროლოგიური რადარი. ქვეყნის მასშტაბით განთავსებულია 240 ჰიდრომეტეოროლოგიური დაკვირვების სადგური, წლის ბოლომდე მათი რაოდენობა სამასამდე გაიზრდება ხოლო 2025 წლისთვის დაემატება კიდევ 40-მდე სადგური, რაც მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს ამინდის პროგნოზირების სისტემას“, - განაცხადა ოთარ შამუგიამ.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, დღეის მდგომარეობით, 18 მეწყრულად აქტიურ უბანზე მიმდინარეობს მონიტორინგი და 2024 წლის ბოლოსათვის ეს რაოდენობა 30-ს მიაღწევს.
შვეიცარიელი, მაღალკვალიფიციური ექსპერტების ჩართულობით, საქართველოს ყველა მყინვარულ ხეობაში დაწყებულია არსებული საფრთხეების შეფასება და, ჩატარებული კვლევების საფუძველზე, მათი ჩართულობით მომზადდება შესაბამისი რეკომენდაციები და გადაწყვეტილებები.
დასრულების ეტაპზეა საქართველოს მთელი ტერიტორიისთვის სხვადასხვა ტიპის ბუნებრივი საფრთხეების რუკების მომზადებაც.
დაგეგმილია საინფორმაციო სატელეკომუნიკაციო სისტემების (ICT) დანერგვა. შედეგად, შესაძლებელი იქნება ამინდის პროგნოზებისა და მოსალოდნელი სტიქიური მოვლენების შესახებ გაფრთხილებების თანამედროვე ტექნოლოგიებით გავრცელება.
„გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგები აქტიურად მუშაობენ ქვეყნის მასშტაბით გეოლოგიური საფრთხეების შეფასებისა და სტიქიური მოვლენების პრევენციის მიმართულებით; მხოლოდ ბოლო 5 წლის განმავლობაში სააგენტოს გეოლოგების მიერ შეფასდა 8608 ოჯახი და გეოლოგიურად მდგრად ადგილზე გადაყვანას დაექვემდებარა 2711 ოჯახი“, - განაცხადა მინისტრმა.