გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ შამუგიამ პარლამენტში 2023 წლის ანგარიშის წარდგენის დროს ქვეყანაში აკვაკულტურის და მეცხოველეობის მიმართულებით არსებულ პოტენციალზე და მიმდინარე ხელშემწყობ პროექტებზე ისაუბრა.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, განვითარების უდიდესი პოტენციალი აქვს აკვაკულტურას. გასულ წელს საზღვაო აკვაკულტურის ფერმების მოსაწყობად დამტკიცდა შესაბამისი ზონები აჭარის, სამეგრელოს და გურიის სანაპირო ზოლში, 8 ლოკაციაზე, რაც აჩენს აკვაკულტურის მიმართულებით მსხვილი ინვესტიციების მოზიდვის, შესაბამისად, ათეულ ათასობით ტონა თევზის და სხვადასხვა სახეობის ზღვის პროდუქტის წარმოების შესაძლებლობას და, ეტაპობრივად, ასეულობით მილიონი დოლარის საექსპორტო პოტენციალის ათვისებას.
„გარემოს ეროვნული სააგენტო, სხვა სამსახურებთან ერთად, აქტიურად მუშაობს რამდენიმე ლოკაციაზე სანებართვო პირობების შემუშავებისთვის და უახლოეს პერიოდში ვგეგმავთ რომ გამოვაცხადებთ აუქციონებს რომელიც საშუალებას მისცემს ბიზნესს განახორციელოს მასშტაბური ინვესტიციები ამ მიმართულებით, რაც ხელს შეუწყობს შიდა წყლის აკვაკულტურის განვითარებასაც“, - აღნიშნა ოთარ შამუგიამ.
მინისტრის განცხადებით, აღნიშნული მიმართულებით სამინისტროს მიერ გატარებული რეფორმების შედეგია, რომ 2024 წლის 2 აპრილს ევროკავშირმა ოფიციალურად აღიარა საქართველოს შესაბამისი ორგანოების მიერ გაცემული თევზჭერის სერტიფიკატები. ამ აღიარებას არსებითი მნიშვნელობა აქვს ქართველი მეწარმეებისთვის, ვინაიდან შესაძლებელი გახდა საქართველოდან შავი ზღვის თევზისა და თევზჭერის პროდუქტების ევროკავშირის ბაზარზე ექსპორტი, რაც, თავის მხრივ, საქართველოს ეკონომიკის განვითარებაში მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს.