ყველაზე დიდი არაკეთილსინდისიერებაა, როდესაც პრეტენზიას აცხადებ, რომ უცხო ქვეყნის ხალხის სახელით ლაპარაკობ და გრამი ლეგიტიმაცია არ გაქვს იმ ხალხისგან, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
პაპუაშვილის თქმით, საქართველოს ხელისუფლება გადაწყვეტილებებს ქართველი ხალხის სახელით იღებს.
„ბევრი განცხადება ვნახე, სადაც უცხოელი პოლიტიკოსები საუბრობენ, რა სურს ქართველ ხალხს, რა არის ქართველი ხალხის ნება. არ დაუჯეროთ არცერთ უცხოელს, რომელიც ქართველი ხალხის სახელით დაგელაპარაკებათ, რადგან ყველაზე არაკეთილსინდისიერი საქციელია, ილაპარაკო სხვა ქვეყნის ხალხის სახელით, როცა ხარ ერთი ქვეყნის ხალხის მიერ არჩეული ადამიანი ან წარმომადგენელი. ყველაზე დიდი არაკეთილსინდისიერებაა, როდესაც პრეტენზიას აცხადებ, რომ უცხო ქვეყნის ხალხის სახელით ლაპარაკობ და გრამი ლეგიტიმაცია არ გაქვს იმ ხალხისგან.
არ დაუჯეროთ არცერთ უცხოელს, რომელიც ცდილობს, ისაუბროს ქართველი ხალხის სახელით. კითხვა დასვით, რა არის განზრახვა ასეთი ადამიანის, რომელიც თქვენი სახელით ლაპარაკობს ისე, რომ გრამი ლეგიტიმაცია არ მიგიციათ, არც ენა იცის, არც კულტურა, არც ისტორია, არც ქუჩაში გაუვლია ჩვენთან, ერთ ადამიანს არ იცნობს ყოფითად. რა უფლებით ან ლეგიტიმაციით საუბრობენ ქართველი ხალხის სახელით, როცა მეორე მხარეს დგას ქართველი ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლება, რომელსაც აქვს ლეგიტიმაცია ქართველი ხალხის მხრიდან, რომ ზუსტადაც ქართველი ხალხის სახელით ისაუბროს?", - განაცხადა პაპუაშვილმა.