პრეზიდენტი არც კონსტიტუციის შესაბამისად იქცევა და არც ქართველი ხალხის ნება-სურვილს მიჰყვება. უსამშობლოთა და გლობალური ომის პარტიიდან რა დაკვეთაც მოვა, იმის გამხმოვანებელია, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ზარქუამ განაცხადა.
„სერიოზულად ნუ მიიღებთ იმ სიგიჟეებს, რასაც ამბობს. ყველა არჩევნებს აგებენ, რადგან ქართველი ხალხი ბრძენია. რეფერენდუმი უნდათ, მერამდენედ მიიღებენ, ნახავთ. ქართველი ხალხი ისევ ბრძნულ არჩევანს გააკეთებს. ხალხი მათ არ აჰყვა, ამ უსამშობლოებს ახალგაზრდობა ბოლომდე არ დაუდგათ. ეს უსამშობლოები სცენაზეც კი არ აუშვეს. სალომე ზურაბიშვილი კონსტიტუციიდან გასულია, მადამ პრეზიდენტს კომპეტენცია და მოვალეობა არეული აქვს. გასულია მომსახურებიდან. იცის, რომ ვადა გადის და უნდა, რომ უსამშობლოების გაერთიანებაში ლიდერის ფუნქცია იტვირთოს. ეს რამდენად გამოუვა, არ ვიცი. ჯერ შემოუთვალათ, ხმები მოაგროვეთ და მომიტანეთო. გუშინ შეუთვალეს, კი არ მოგიტანთ, აქ მობრძანდიო, არ მივიდა. ამათ სიგიჟეებს დავაკვირდეთ. ელექტრონული საარჩევნო სისტემა ცდომილების ერთ პროცენტსაც არ უშვებს. აქედან გამომდინარე, ამომრჩეველს არჩევანის გაკეთების საშუალება ექნება. არ იქნება საჭირო არც სალომეს პატრონაჟი და არც უსამშობლოების“, – განაცხადა ირაკლი ზარქუამ.