იმედგაცრუებული ვართ იმის გამო, რომ საქართველოს პარლამენტმა დაძლია პრეზიდენტის ვეტო ანტიდემოკრატიულ კანონზე, თუმცა კენჭისყრა არ იყო მოულოდნელი, – ამის შესახებ თეთრი სახლის პრესსპიკერმა, კარინ ჟან-პიერმა ბრიფინგზე განაცხადა.
ჟან-პიერმა ხაზი გაუსვა ამ კანონით გამოწვეულ, საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ პროტესტს და იმას, რომ ბევრმა ქართველმა თავისი პოზიცია ძალიან მკაფიოდ გამოხატა.
„იმედგაცრუებული ვართ იმის გამო, რომ საქართველოს პარლამენტმა დაძლია საქართველოს პრეზიდენტის ვეტო ანტიდემოკრატიულ „უცხო აგენტის“ კანონზე, თუმცა კენჭისყრა არ იყო მოულოდნელი. როგორც უკვე აღვნიშნე, ჩვენ ყველამ ვნახეთ ათიათასობით ქართველი, რომლებიც ამ კანონპროექტს გასულ კვირას აპროტესტებდნენ, რაც საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური საპროტესტო აქციაა. ჩვენ ვიცით, რომ ბევრმა ქართველმა ნათლად გამოხატა თავისი წინააღმდეგობა. ეს კანონმდებლობა სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს მოსთხოვს, დარეგისტრირდნენ უცხოური ხელისუფლების აგენტებად უბრალოდ, მათი დაფინანსების 20 პროცენტის მიღების გამო. სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები მნიშვნელოვან როლს ასრულებენ დემოკრატიების შენარჩუნებაში და ამ ტვირთის შექმნა ძირს უთხრის მათთვის ამის შესაძლებლობას“, – აცხადებს კარინ ჟან-პიერი.
როგორც კარინ ჟან-პიერმა თქვა, სამოქალაქო საზოგადოებას ავტორიტარული მთავრობები ახშობენ: „ეს არის ინსტრუმენტი განსხვავებული აზრის ჩასახშობად. ეს არ არის ის, რასაც დემოკრატიები აკეთებენ”.