ესპანეთმა და ირლანდიამ პალესტინის სახელმწიფო ოფიციალურად აღიარეს.
ესპანეთის მთავრობის გადაწყვეტილების შესახებ ესპანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ხოსე მანუელ ალბარესმა მადრიდში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მანამდე ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა, პედრო სანჩესმა განაცხადა, რომ ესპანეთი შეუერთდებოდა „140-ზე მეტ ქვეყანას, რომლებიც უკვე აღიარებენ პალესტინას“. სანჩესმა აღნიშნა: „ეს არის ერთადერთი გზა იმ გადაწყვეტის განსახორციელებლად, რომელსაც ჩვენ ყველა ვაღიარებთ, როგორც ერთადერთს, რომლითაც შესაძლებელია, მივაღწიოთ მშვიდობას“.
ირლანდიის მთავრობამ კი აღნიშნული გადაწყვეტილება მთავრობის სხდომაზე დაამტკიცა.
„მთავრობა აღიარებს პალესტინას სუვერენულ, დამოუკიდებელ სახელმწიფოდ და შეთანხმდა სრული დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებაზე დუბლინსა და რამალას შორის. პალესტინის სახელმწიფოში დაინიშნება ირლანდიის ელჩი“, – ნათქვამია ირლანდიის მთავრობის განცხადებაში.
ესპანეთმა, ირლანდიამ და ნორვეგიამ 22 მაისს საჯაროდ განაცხადეს, რომ პალესტინის სახელმწიფოს ოფიციალურად დღეს, 28 მაისს აღიარებენ.