2 000-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა პაპუა-ახალ გვინეაში 24 მაისს მასშტაბური მეწყერის შედეგად. ამის შესახებ ქვეყნის ხელისუფლებამ ორშაბათს, 27 მაისს განაცხადა.
გაეროს მისიის წარმომადგენელთა განცხადებით, მეწყერმა ცოცხლად დამარხა 2 000-ზე მეტი ადამიანი და უდიდესი ნგრევა გამოიწვია.
სააგენტო AFP-ის ცნობით, მუნგალოს მთის ფერდობზე მდებარე სოფელი მულიტაკა სტიქიის შედეგად მიწასთან მთლიანად გასწორდა. დამატებით საფრთხეს უქმნის მაშველებს და სტიქიის შედეგად გადარჩენილებს მეწყერის შემდგომი განმეორება.
„მეწყერმა მოიცვა ოთხი საფეხბურთო მოედნის ზომის ტერიტორია, დაიფარა ის უზარმაზარი ლოდების, მოგლეჯილი ხეებისა და რამდენიმე მეტრის სისქის მიწის ქვეშ“, - აღნიშნულია AFP-ის ინფორმაციაში.
სტიქიური უბედურების ზონაში სხვადასხვა ტომებს შორის შეტაკებების გამო, გართულებულია ჰუმანიტარული დახმარებისა და მძიმე ტექნიკის მიწოდება ნანგრევების გასასუფთავებლად. გავრცელებული ინფორმაციით, ახლო მდებარე სოფლების მცხოვრებლები მაიმც აგრძელებენ მეწყერის ქვეშ მოყოლილი ადამიანების ძებნას ნიჩბებისა და ხის ფიცრების გამოყენებით.
ამავდროულად, პაპუა-ახალი გვინეის მთავრობამ მსოფლიოს დახმარების თხოვნით მიმართა.
ამ თემაზე გაეროს მიერ ორგანიზებული ვიდეოკონფერენცია 28 მაისს გაიმართება.