„პრემიერმა პირველად ოფიციალურად გააკეთა კავშირი, რომ გლობალური ომის პარტია ეს არის ევროკავშირი და მისი კომისრები... ყველაზე შემაძრწუნებელი ნაწილი აქ იყო, იმიტომ, რომ აქამდე ამ კითხვაზე პასუხს ერიდებოდნენ,“ - ამის შესახებ თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა თინა ხიდაშელმა პრემიერ ირაკლი კობახიძის განცხადებასთან დაკავშირებით ტვ პირველის ეთერში თქვა.
„სინამდვილეში, სლოვაკეთში სხვა რამეს ამბობენ, რომ კვალი იმ ადამიანის, რომელიც დაპატიმრებულია ფიცოს მკვლელობის მცდელობისთვის, მიდის რუსულ გასამხედროებულ დაჯგუფებებთან, ეს ოფიციალური ინფორმაციაა.
არავითარი კონსპირაციები საჭირო არ არის, სლოვაკეთში გამოძიებამ დაადგინა კვალიც, გაყვა მის წარსულს, თავის დროზე ის იყო ერთ-ერთი რუსული გასამხედროებული დაჯგუფების წევრი. აქ რაღაც კონსპირაციების ძებნა, რომ ვიღაც გლობალური ომის პარტიაა, ან შეიძლება კობახიძე თვლის, რომ რუსეთის გლობალური ომის პარტიის სათავეში და ამდენი ხანი გვიმალავდა და მაშინ გვითხრას და ყველაფერი ნათელი8 გახდება.
თავისთავად ეს განცხადება ვფიქრობ, რომ სრულიად სხვა დონეა სიგიჟის, ქვეყნის ყველანაირი რაციონალური რელსიდან აცდენის და ეს განცხადება ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო, რომ პირველად ოფიციალურად გააკეთა კავშირი, რომ გლობალური ომის პარტია ეს არის ევროკავშირი და მისი კომისრები,“ - განაცხადა ხიდაშელმა.
შეგახსენებთ, დღეს, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გაავრცელა განცხადება, რომელშიც თქვა: „ხანგრძლივი შანტაჟის ფონზეც კი გამაოგნებელი იყო მუქარა, რომელიც ერთ-ერთ ევროკომისართან სატელეფონო საუბრისას გაჟღერდა… – „ხომ ნახეთ, ფიცოს რა დაემართა და ძალიან ფრთხილად უნდა იყოთო“.