ნორვეგიის მთავრობის გადაწყვეტილებით რუსეთის მოქალაქეებს ქვეყანაში შესვლა ეკრძალებათ, თუ მოგზაურობის მიზანი ტურიზმი ან სხვა სახის მოგზაურობაა.
„წესების ცვლილება ნიშნავს, რომ რუსეთის მოქალაქეებს, რომლებიც ექვემდებარებიან მითითებებს, შეიძლება პოლიციამ უარი უთხრას ნორვეგიაში შესვლაზე.
რუსეთის მოქალაქეებს, რომლებიც ნორვეგიაში ტურისტული და სხვა არაპირველხარისხოვანი მიზნებით ჩადიან, საზღვრის გადაკვეთისას აეკრძალებათ ნორვეგიაში შესვლა. წესების გამკაცრება ვრცელდება როგორც რუსეთის იმ მოქალაქეებზე, რომლებზეც ნორვეგიამ გასცა ვიზები წესების გამკაცრებამდე 2022 წლის გაზაფხულზე, ასევე მათზე, ვისი ვიზებიც შენგენის სხვა ქვეყნებმა გასცეს“, - აღნიშნულია მთავრობის განცხადებაში.
გამონაკლისი იქნება ცალკეულ შემთხვევები, მაგალითად, ნორვეგიაში მცხოვრები ახლო ნათესავების (მშობლების, მეუღლეების და შვილების) მონახულება, ასევე რუსეთის მოქალაქეებისთვის, რომლებიც მუშაობენ ან სწავლობენ ნორვეგიაში ან შენგენის სხვა ქვეყნებში.
ცვლილებები ძალაში 29 მაისიდან შევა.
ნორვეგიის მთავრობა აღნიშნავს, რომ 2022 წლის გაზაფხულზე რუსებისთვის ვიზების გაცემის პრაქტიკა შეიცვალა და ამის შემდეგ რუსებისთვის ტურისტული ვიზები, როგორც წესი, არ გაიცემა. ამიერიდან კი შესვლის პირობები კიდევ უფრო მკაცრი გახდება.
„შესვლაზე წესების გამკაცრების გადაწყვეტილება შეესაბამება ნორვეგიის პოზიციას, მოკავშირეებთან და პარტნიორებთან ერთად წინ აღუდგეს რუსეთის უკანონო აგრესიულ ომს უკრაინაში“, - განაცხადა ნორვეგიის იუსტიციის მინისტრმა ემილი ენგერ მელმა.