რუსეთის ხელისუფლებას განზრახული აქვს, ლიეტუვისა და ფინეთის საზღვრებთან ცალმხრივად შეცვალოს საზღვაო საზღვრები და თავის სასარგებლოდ გააფართოვოს. ინფორმაციას გამოცემა The Moscow Times-ი ავრცელებს.
გამოცემის ინფორმაციით, შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებების პროექტი სამთავრობო პორტალზე უკვე გამოქვეყნდა.
გავრცელებული ცნობით, კანონპროექტი მოამზადა რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ, რომელიც ფინეთის ყურის აღმოსავლეთ ნაწილში კალინინგრადის ოლქის ქალაქ ბალტიიკისა და ზენელოგრადის მახლობლად, ბალტიის ზღვაში რუსეთის ტერიტორიული წყლების გაფართოვებას ითვალისწინებს.
რუსეთის მთავრობა აპირებს გეოგრაფიული კოორდინატების შეცვლას რამდენიმე კუნძულის მიდამოში, ასევე მდინარე ნარვას ჩრდილოეთ შესასვლელის კონცხთან. ასევე, ლიეტუვის საზღვართან კურშის ზონასა და ტარანის კონცხის მიდამოებში.
პროექტის ავტორები ამტკიცებენ, რომ 1985 წელს სსრკ მინისტრთა საბჭოს მიერ დადგენილი ამჟამინდელი გეოგრაფიული კოორდინატები „სრულად არ შეესაბამება არსებულ გეოგრაფიულ მდგომარეობას“.
მათივე მტკიცებით, ეს კოორდინატები დაფიქსირებული იყო მე-20 საუკუნის შუა პერიოდიის მცირემასშტაბიანი საზღვაო სანავიგაციო სქემების გამოყენებით, რაც „არ გვაძლევს საშუალებას, განვსაზღვროთ რუსეთის შიდა წყლების გარე საზღვრები“.
კანონპროექტის თანახმად, სსრკ მინისტრთა საბჭოს 1985 წლის რეზოლუცია ნაწილობრივ ძალადაკარგულად უნდა გამოცხადდეს.
რუსეთის განზრახვას გამოეხმაურნენ ფინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო და ლიეტუვის პრეზიდენტი გიტანას ნაუსედა.
ფინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ჰელსინკი ყურადღებით აკვირდება მიმდინარე მოვლენებს, თუმცა მიიჩნევს, რომ ეს რუსეთის მორიგი ჰიბრიდული ჩარევის მცდელობაა.
"საზღვაო ზონების განსაზღვრა, რეგულირდება გაეროს საზღვაო სამართლის კონვენციით. მიგვაჩნია, რომ ნებისმიერი განხილვა უნდა განხორციელდეს იმ კონვენციის შესაბამისად, რომლის მხარეც რუსეთია", - ნათვამია განცხადებაში.
გიტანას ნაუსედამ განაცხადა:
"რუსეთი კვლავ ახორციელებს ჰიბრიდულ შეტევას დასავლეთის წინააღმდეგ და ცდის ნატოს ერთიანობას. ცნობები რუსეთის განზრახვის შესახებ ცალმხრივად შეცვალოს საზღვაო საზღვრები ბალტიის ზღვაში არის პროვოკაცია, რომელიც მიმართულია ესკალაციისკენ. ჩვენ ნატოს მოკავშირეებთან ერთად ყურადღებით ვაკვირდებით სიტუაციას".