„ქართული ოცნების“ წარმომადგენლები ბაქიბუქობენ და იქადნებიან, რომ მათთვის სანქციები არაფერს ნიშნავს. სინამდვილეში ამ სანქციებს ექნება ძალიან დიდი მსუსხავი ეფექტი,- ამის შესახებ განაცხადა თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ირაკლი ნადირაძემ.
ის გამოეხმაურა გამოცემა Politico-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციას, რომლის თანახმად, აშშ-ის კონგრესს წარედგინება კანონპროექტი, საქართველოს მთავრობა ანტიდემოკრატიულ კურსს თუ შეცვლის, აშშ საქართველოსთვის მნიშვნელოვანი სამხედრო, სავაჭრო პაკეტის გადაცემასა და სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციას განიხილავს. ასევე ითვალისწინებს საქართველოს ხელისუფლების იმ წარმომადგენლებისთვის აქტივების გაყინვასა და სავიზო აკრძალვებს რომლებმაც მხარი დაუჭირეს რუსული სტილის „უცხოური აგენტების“ კანონს.
ირაკლი ნადირაძის განცხადებით, “ქართულ ოცნებაში“ ამ კანონპროექტთან დაკავშირებით ძალიან ბევრი დაფიქრდება.
„ეს არის უმნიშვნელოვანესი გზავნილი ჩვენი სტრატეგიული პარტნიორებისგან, რომ ვიზალიბერალიზაცია, თავისუფალი ვაჭრობა, სამხედრო დახმარება ამერიკის შეერთებული შტატებისგან არის ერთი ხელის გაწვდენაზე, ერთადერთი ხელის შემშლელი ფაქტორი არის რუსი ოლიგარქი, ბიძინა ივანიშვილი და ქართული ოცნება.
შემთხვევითი არ არის, როდესაც საუბარია სანქციების დაწესებაზე იმ პარლამენტარების მიმართ , რომლებმაც მხარი დაუჭირეს რუსულ კანონს, მიუხედავად იმისა, რომ ისინი ძალიან ბაქიბუქობენ და იქადნებიან, რომ მათთვის ეს არაფერს არ ნიშნავს, სინამდვილეში ამ სანქციებს ექნება ძალიან დიდი მსუსხავი ეფექტი და დარწმუნებული ვარ, ძალიან ბევრი მათგანი ქართულ ოცნებაში დაფიქრდება, უღირთ თუ არა ეს ამ ყველაფრად.“-განაცხადა ირაკლი ნადირაძემ.