საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონთან დაკავშირებით პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნები განიხილა და მხარი არ დაუჭირა.
საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის, გიორგი მსხილაძის განცხადებით, საკანონმდებლო ცვლილებების იმ ნაწილს, რომლის თანახმად, ფიზიკურ პირებს ჩამოეწერებათ 2021 წლის პირველ იანვრამდე წარმოშობილი და ჩამოწერის მომენტისთვის არსებული საგადასახადო დავალიანება და მასზე დარიცხული საურავი, პრეზიდენტი იზიარებს და ის ასახულია მის მიერ წარმოდგენილ კანონპროექტში.
მისი თქმით, პრეზიდენტმა არ გაიზიარა პარლამენტის მიერ მიღებული კანონის ის ჩანაწერი, რომლითაც განისაზღვრება, რომ შეღავათიანი დაბეგვრის მქონე ქვეყანაში რეგისტრირებული უცხოური საწარმოს ყველა აქტივზე (მათ შორის, წილზე ან აქციაზე) საკუთრების უფლების, 2028 წლის პირველ იანვრამდე საქართველოს საწარმოსთვის გადაცემისას ამ ოპერაციის ფარგლებში, შეღავათიანი დაბეგვრის მქონე ქვეყანაში რეგისტრირებული უცხოური საწარმოს და პარტნიორი ფიზიკური პირის მიერ მიღებული შემოსავალი, გათავისუფლებულია მოგების/საშემოსავლო გადასახადისგან. ასევე, კანონით, აღნიშნული ოპერაციის ფარგლებში აქტივის/საქონლის საქართველოში შემოტანა/იმპორტი თავისუფლდება იმპორტის გადასახდელებისგან, ხოლო საქართველოს საწარმო, აღნიშნული ოპერაციის ფარგლებში მიღებულ აქტივთან დაკავშირებით, 2030 წლის პირველ იანვრამდე თავისუფლდება ქონების გადასახადისგან.
„დაჩქარებული წესით მიღებული ეს ცვლილებები, რომლებიც სათანადო ეკონომიკური თუ პოლიტიკური ანალიზის გარეშე იქნა პარლამენტის მიერ მიღებული, გაუმართლებელია, შეიცავს დისკრიმინაციული ხასიათის დებულებებს, შესაბამისად, ვერ იქნება მხარდაჭერილი და გაზიარებული“, – განაცხადა გიორგი მსხილაძემ.