უკრაინის ტერიტორიაზე ნატო-ს ინსტრუქტორების შესაძლო დაღუპვა რუსეთთან ომს ავტომატურად არ გამოიწვევს , – ამის შესახებ ესტონეთის პრემიერ-მინისტრმა, კაია კალასმა ბრიტანულ Financial Times-თან ინტერვიუში განაცხადა.
„ვერ წარმომიდგენია, თუ იქ ვინმე დაშავდება, ვინც თავისი ხალხი გაგზავნა, იტყვის: „ეს მეხუთე მუხლია. დავბომბოთ რუსეთი“.
ეს ასე არ მუშაობს. ეს არ არის ავტომატური. ასე რომ, ეს შიშები უსაფუძვლოა", - თქვა კალასმა.
მისი თქმით, "არსებობენ ქვეყნები, რომლებიც უკვე ამზადებენ ჯარისკაცებს ადგილზე" და ისინი ამას აკეთებენ "საკუთარი საფრთხისა და რისკის ქვეშ".
„უკრაინაში დასახმარებლად ხალხის გაგზავნით, ხელისუფლება აცნობიერებს, რომ ქვეყანაში სამხედრო მოქმედებებია და იქ გაგზავნილი სამხედროები რისკის ქვეშ არიან“, - დასძინა მან.
უკრაინაში ჯარების გაგზავნასთან დაკავშირებით კაია კალასმა აღნიშნა, რომ ესტონეთში ასეთი გადაწყვეტილებისთვის საჭიროა პარლამენტის თანხმობა. „ეს არის ღია საჯარო დისკუსია, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ახლა არაფერი უნდა გამოვრიცხოთ“, - თქვა მან.