აქციების ერთ-ერთმა ლიდერმა რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ მას შურს უკრაინელების, მე ვიტყოდი, რომ ეს არ არის შემთხვევითი წამოცდენა, მთავარი მიზანი, დავალება, რაც ამ ადამიანებს ამოძრავებთ, არის საქართველოს უკრაინიზაცია, ანუ ის, რომ საქართველომ უკრაინის ბედი გაიზიაროს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, მათ ამას ვერ მიაღწიეს 2022 წელს, თუმცა ფაქტია, რომ დღემდე ამის იმედი არ დაუკარგავთ.
„მინდა, ყველას კიდევ ერთხელ შევახსენო, რას ნიშნავს უკრაინის ბედის გაზიარება და რა მდგომარეობაა დღეს უკრაინაში. სამწუხაროდ, ამ ომის შედეგად უკრაინაში დაღუპულია ათი ათასობით ადამიანი. კონკრეტული სტატისტიკური მაჩვენებელია 19-24 წლის ახალგაზრდა მამაკაცების 2/3 ან ქვეყნიდან გავიდა, ან დაიღუპა. საუბარია უკრაინის გენოფონდის განადგურებაზე. ეს არის ის, რისიც შურთ ჩვენს ოპონენტებს. დაახლოებით 10 მილიონი ადამიანი, ანუ ყოველი მეოთხე უკრაინელი ან დევნილად არის ქცეული ქვეყნის შიგნით, ან ლტოლვილად - გასულია ქვეყნიდან. ეკონომიკა განადგურებულია, მარტო პირველსავე წელს 30% ჰქონდათ ეკონომიკის ვარდნა, რაც სრულ კატასტროფას ნიშნავს. ინფრასტრუქტურა განადგურებულია, დღეს რუსეთს აქვს ოკუპირებული 2,5-ჯერ მეტი ტერიტორია, ვიდრე ჰქონდა ოკუპირებული ომის დაწყების მომენტისთვის. ომის ფონზე უკრაინაში ხელს ითბობენ პოლიტიკოსები და ჩინოვნიკები და ყვავის კორუფცია, გაუქმებულია არჩევნები, პოლიტიკური პლურალიზმი, მედიის თავისუფლება, ყველაფერი, რაც დაკავშირებულია ზოგადად დემოკრატიის ცნებასთან. ამ ყველაფრის შურთ კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ წარმომადგენლებს და არა მარტო შურთ, მათ სურთ ეს ყველაფერი იხილონ საქართველოში, მათ სურთ, საქართველომ გაიზიაროს უკრაინის ბედი, რასაც, რა თქმა უნდა, ვერ დავუშვებთ. ფაქტია, მათ იმედი არ დაუკარგავთ და მათ მიერ ორგანიზებული ყველა პროვოკაცია და პროტესტი სწორედ ამ მიზანს ემსახურება, თუმცა საქართველო აუცილებლად შეინარჩუნებს მშვიდობას, რაც არის წინსვლის და განვითარების აუცილებელი პირობა“, - განაცხადა პრემიერმა.
ირაკლი კობახიძის შეფასებით, გამჭვირვალობის შესახებ კანონი ხელისუფლებას დაეხმარება იმაში, რომ საქართველოში უზრუნველყოფილი იყოს გრძელვადიანი მშვიდობა და სიმშვიდე, რაც ასე სჭირდება ქვეყანას და მოსახლეობას.