დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრმა გრანტ შაპსმა უკრაინისთვის სამხედრო დახმარების ახალი პაკეტის გადაცემის შესახებ განაცხადა.
დახმარების პაკეტში შევიდა 1 მილიონი საბრძოლო მასალა, 80 რაკეტა საჰაერო თავდაცვის სისტემებისთვის, BvS 10-ის ტიპის 20 ჯავშტრანსპორტიორი ამფიბია, დრონები, 4 ათასი ერთეული სამხედრო ტექნიკა და ნაღმებისგან გაწმენდის 20 სისტემა. გარდა ამისა, შაპსმა თქვა, რომ დიდი ბრიტანეთი აპირებს მაისის ბოლომდე უკრაინაში გაგზავნოს კიდევ 20 რაკეტა საჰაერო თავდაცვის სისტემებისთვის, რითაც რაკეტების რაოდენობა 100-მდე გაიზრდება.
„მსოფლიოს არ შეუძლია ლოდინი. უკრაინას სჭირდება დახმარება, რათა მას ჰქონდეს ყველაფერი, რაც სჭირდება პუტინისთვის წინააღმდეგობის გასაწევად. სწორედ ეს გააკეთა დღეს დიდმა ბრიტანეთმა“, - წერს შაპსი X-ზე.
ერთი დღით ადრე, გრანტ შაპსმა Sky News-თან ინტერვიუში დაადასტურა, რომ კიევისთვის გადაცემული ბრიტანული იარაღი გამოიყენება ანექსირებულ ყირიმში სამხედრო მიზნების გასანადგურებლად.
ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრმა ასევე მოუწოდა გერმანიას და უკრაინის სხვა მოკავშირეებს, კიევს ნება დართონ რუსეთის მიერ ანექსირებულ ყირიმში ობიექტებზე დასარტყმელად დასავლეთის მიერ მიწოდებული იარაღი გამოიყენონ.
იანვარში ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა რიში სუნაკმა 2024 და 2025 წლებისთვის კიევისთვის 2,5 მილიარდი ფუნტი სტერლინგის (დაახლოებით 2,9 მილიარდი ევრო) სამხედრო დახმარების გამოყოფის შესახებ განაცხადა. „ბრიტანეთის მხარდაჭერა უკრაინისადმი არ შეჩერდება“, - თქვა ბრიტანეთის მთავრობის მეთაურმა.
ბრიტანული მხარის ცნობით, უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი სამხედრო შეჭრის დაწყებიდან, გაერთიანებულმა სამეფომ კიევს 4,6 მილიარდი ფუნტი სტერლინგის (დაახლოებით 5,4 მილიარდი ევრო) ოდენობით სამხედრო დახმარება გადასცა. გარდა ამისა, 2014 წელს ყირიმის ანექსიის შემდეგ დიდ ბრიტანეთში 52 ათასი უკრაინელი სამხედრო მოსამსახურე წვრთნას გადიოდა.