პაკისტანის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, ყირგიზეთიდან სამშობლოში 650-ზე მეტი პაკისტანელი სტუდენტის სასწრაფო ევაკუაცია განხორციელდა.
ეს მას შემდეგ მოხდა, რაც ბიშკეკში სტუდენტურ საერთო საცხოვრებელთან ადგილობრივ მოსახლეობასა და პაკისტანელებს შორის შეტაკება მოხდა.
მედიის ცნობით, ოთხი პაკისტანელი სტუდენტი დაშავდა პარასკევს საღამოს ჩხუბის დროს, რომელშიც რამდენიმე ასეული სტუდენტი მონაწილეობდა.
სტუდენტების თქმით, ხელისუფლებამ უბრძანა, არ დაეტოვებინათ საერთო საცხოვრებლები.
პაკისტანის საგარეო საქმეთა მინისტრმა ისჰაკ დარმა ისლამაბადში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ყაზახეთიდან სამი კომერციული ავიარეისი განხორციელდა.
„ეს იყო თავდასხმა უცხოელ სტუდენტებზე - არა მხოლოდ პაკისტანელებზე... ასევე იყვნენ სტუდენტები ინდოეთიდან, ბანგლადეშიდან და არაბული ქვეყნებიდან“, - განმარტა მინისტრმა.
პაკისტანში შაბათს, დაახლოებით 130 სტუდენტი ჩავიდა, კიდევ 540 კი - კვირას.
შაბათს პაკისტანში ყირგიზეთის საქმეთა დროებითი რწმუნებული პაკისტანის საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს. მას გადაეცა დეტალები მომხდარი შეტაკებების შესახებ.
ბიშკეკში არეულობა ინციდენტის შემდეგ დაიწყო, როდესაც უცხოელმა სტუდენტებმა საერთო საცხოვრებლებში უცნობი პირების მიერ შევიწროების შესახებ განაცხადეს.
მედიის ცნობით, ყირგიზეთში 11 000-ზე მეტი პაკისტანელი სწავლობს.