შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, განზრახ მკვლელობის ბრალდებით 2003 წელს დაბადებული ლ.ს. დააკავეს.
უწყების ცნობით, დანაშაული 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
„გამოძიებით დადგინდა რომ, სენაკის მუნიციპალიტეტში, წარსულში არსებული კონფლიქტის შედეგად, ბრალდებულსა და მის სამეგობროს, კონფლიქტი მოუვიდათ,
1998 წელს დაბადებულ თ.გ.-სა და მის მეგობრებთან, რის შედეგადაც ბრალდებულმა თ.გ.-ს ცივი იარაღის გამოყენებით დაზიანებები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. თ.გ. სამედიცინო დაწესებულებაში გარდაიცვალა. მომხდარი ინციდენტის შედეგად ასევე ჯანმრთელობის დაზიანება მიიღო რამდენიმე პირმა.
სამართალდამცველებმა ბრალდებული ლ.ს. მომხდარიდან რამდენიმე საათში, ცხელ კვალზე დააკავეს. იგი აღიარებს ჩადენილ დანაშაულს.
საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება, დანაშაულში ბრალდებული სხვა პირების დადგენა-დაკავების მიზნით.
განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს“, - ნათქვამია ინფორმაციაში.