მედიის ცნობით, სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრს რობერტ ფიცოს კიდევ ერთი ოპერაცია ჩაუტარდა.
„ექიმებმა ცეცხლსასროლი იარაღიდან დარჩენილი ნეკროზული ქსოვილი ამოიღეს.
ოპერაცია დაახლოებით ორ საათს გაგრძელდა. პაციენტი კვლავ ინტენსიური თერაპიის განყოფილებაშია. ის გონზეა, მისი მდგომარეობა სტაბილურია, მაგრამ მძიმე“, - განაცხადა მირიამ ლაპუნიკოვამ, ქალაქ ბანსკა-ბისტრიცას კლინიკის დირექტორმა, სადაც სლოვაკეთის პრემიერი მკურნალობას გადის.
თავის მხრივ, სლოვაკეთის ვიცე-პრემიერმა და თავდაცვის მინისტრმა რობერტ კალინიაკმა განაცხადა, რომ ფიცოსთან კომუნიკაცია საავადმყოფოში შეძლო, თუმცა მდგომარეობის სიმძიმის გამო შეხვედრა ხანმოკლე იყო. კალინიაკის თქმით, კიდევ რამდენიმე დღე უნდა გავიდეს, სანამ ფიცოს მდგომარეობის დინამიკაზე საუბარი შესაძლებელი იქნება.