ჩვენ ვიზიარებთ იმ წუხილს, რომ ამ კანონით საქართველოს მთავრობა ევროკავშირში გაწევრიანების კურსს შორდება, - განაცხადა ბერლინში 15 მაისს გამართულ სამთავრობო პრესკონფერენციაზე გერმანიის მთავრობის ვიცე-პრესსპიკერმა ვოლფგანგ ბიუხნერმა. ინფორმაციას საქართველოში გერმანიის საელჩო ავრცელებს.
"მინდა შევეხო გუშინ საქართველოში მიღებულ კანონს უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ. ჩვენ ვწუხვართ ამ გადაწყვეტილების გამო. როგორც იცით, კატეგორიულად ვეწინააღმდეგებით ამ კანონის მიზნებს. დიდი გულისყურით ვაკვირდებით საქართველოში მიმდინარე მოვლენებს, ასევე მთავრობის ქმედებებსა და ინფორმაციას საქართველოს დაკავებული მოქალაქეების შესახებ მშვიდობიან საპროტესტო აქციებზე, რომელიც უკვე რამდენიმე კვირაა გრძელდება.
როგორც მოგეხსენებათ, ფედერალურმა კანცლერმა 12 აპრილს საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის ვიზიტის დროს ისაუბრა ამ თემასთან დაკავშირებით და დაადასტურა კრიტიკული პოზიცია, რომელიც გერმანიის მთავრობასა და მთლიანად ევროკავშირს აქვს უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონთან მიმართებაში. ჩვენი კრიტიკული პოზიცია კვლავ ძალაში რჩება.
საქართველოს მთავრობას შევახსენებთ 2023 წელს გამოთქმულ მის თანხმობას, რომ ასეთ კანონს უპირობოდ გაიწვევდა. ჩვენ ვიზიარებთ იმ წუხილს, რომ ამ კანონით საქართველოს მთავრობა ევროკავშირში გაწევრიანების კურსს შორდება.
გერმანიის მთავრობა და ფედერალური კანცლერი კვლავ მხარს უჭერს საქართველოს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე. ჩვენი მხრიდან ეს გზა კვლავ ღიაა. თუმცა ამისათვის მკაფიო წინაპირობები არსებობს, რომლებიც ყველა კანდიდატმა უნდა შეასრულოს. საქართველოზეა დამოკიდებული ამ გზის გავლა. იგი ითვალისწინებს მკაფიო რეფორმებს და საერთო ღირებულებების პატივისცემას", - ნათქვამია განცხადებაში.
შეგახსენებთ, 14 მაისს, საქართველოს პარლამენტმა, დასავლელი პარტნიორების შეშფოთებისა და მოქალაქეთა ფართომასშტაბიანი პროტესტის მიუხედავად, "აგენტების კანონი" დაამტკიცა.