თბილისის საქალაქო სასამართლოში სარეკლამო სააგენტო "ლიმონის" დამფუძნებლის, გიორგი ოკმელაშვილის პროცესი გაიმართა. მას პარლამენტთან პოლიციელზე თავდასხმას ედავებიან.
სასამართლომ პროკურატურის შუამდგომლობა გაითვალისწინა და მას ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.
ბრალდების მხარის განცხადებით, საქმეში არსებული მტკიცებულებებით უტყუარად დასტურდება ბრალდებულის მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედება. დაცვის მხარე გიორგი ოკმელაშვილის 20 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას მოითხოვდა.
ადვოკატმა მედიასთან პროცესის დაწყებამდე თქვა, რომ პოლიციელზე თავდასხმა არ ყოფილა და ოკმელაშვილი თავს და აქციაზე მყოფ სხვა მოქალაქეებს იცავდა მოძალადე სამართალდამცავებისგან. მისი ცნობითვე ჩხრეკისას ოკმელაშვილის ბინიდან ამოიღეს ნარკოტიკი.
"პოლიციელები, ნიღბიანი პირები ძალადობდნენ ადამიანებზე და იგი ცდილობდა როგორც თავის თავის დაცვას, ასევე სხვა ადამიანების დაცვას. ედავებიან, რომ მოხდა შეძენა-შენახვა მცირე ოდენობით ნარკოტიკული ნივთიერების", -განაცხადა ადვოკატმა.
საქმის წინა სასამართლო პროცესი 4 ივლის გაიმართება.