სლოვაკეთის არჩეულმა პრეზიდენტმა პიტერ პელეგრინიმ განაცხადა, რომ მან მოახერხა საავადმყოფოში საუბარი ქვეყნის პრემიერ-მინისტრ რობერტ ფიცოსთან, რომელიც გუშინ დაჭრეს.
თუმცა, მისი თქმით, ეს არ ნიშნავს, რომ საშიშროება გადალახულია და პრემიერ-მინისტრის სიცოცხლე საფრთხეში აღარ არის. მისივე თქმით, ფიცოს მდგომარეობა კვლავ წარმოუდგენლად მძიმეა, ხოლო მკვლელობის მცდელობის შემდეგ ის „სიკვდილის ზღვარზე იყო“.
"მას შეუძლია ლაპარაკი, მაგრამ მან [თქვა] მხოლოდ რამდენიმე წინადადება და ძალიან, ძალიან დაღლილია... მდგომარეობა ძალიან კრიტიკულია", - განუცხადა პელეგრინიმ ჟურნალისტებს.
არჩეულმა პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ექიმები გააგრძელებენ ბრძოლას პრემიერის სიცოცხლისთვის, მაგრამ დასკვნები იმის შესახებ, თუ რამდენად შედეგიანი იქნება ეს მცდელობები, მხოლოდ რამდენიმე დღეში შეიძლება გაკეთდეს.
მისივე თქმით, ქვეყნის მთავრობის მეთაურის მოვალეობები და უფლებამოსილებები დროებით ორ ვიცე-პრემიერს ენიჭება.
პელეგრინიმ მოუწოდა ქვეყნის პოლიტიკურ პარტიებს შეაჩერონ ან თუნდაც მთლიანად შეწყვიტონ მზადება მომავალი ევროპარლამენტის არჩევნებისთვის, რომელიც ჩატარდება 6-დან 9 ივნისამდე.
„თუკი სლოვაკ ხალხს დღეს რაიმე სჭირდება, ეს თანხმობა და სლოვაკეთის პოლიტიკური წარმომადგენლობის ერთიანობაა. შეიძლება ეს არ იყოს კონსენსუსი, მაგრამ გთხოვთ, დისკუსიები მაინც უნდა წარიმართოს ჩვენ შორის ცივილიზებულად“, - განაცხადა პელეგრინიმ.