ქვეყანა ევროკავშირის წევრი როდესაც ხდება, ამ დროს ის თმობს სუვერენიტეტის მნიშვნელოვან ნაწილს. ეს არის ფაქტი, მაგრამ კონკრეტული ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი პოლიტიკური უმცირესობების აქციაზე მისვლის კონტექსტში როცა აკეთებს ამ განცხადებას, ეს, რა თქმა უნდა, გარკვეულ შეშფოთებას იწვევს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ანკარაში, ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა.
კერძოდ, კითხვა შეეხებოდა ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებას ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე საქართველოს მიერ სუვერენიტეტის ნაწილის დათმობასთან დაკავშირებით.
კობახიძის თქმით, სუვერენიტეტის დათმობაზე ამ კონტექსტში საუბარი სერიოზული შეშფოთების საგანია.
„მახსოვს, რამდენიმე თვის წინ ჩვენი გუნდის ერთ-ერთმა წევრმა აღნიშნა, რომ ევროკავშირში გაწევრიანება ნიშნავდა სუვერენიტეტის ნაწილის დათმობას. მაშინ მას შეხვდა ძალიან დიდი კრიტიკა ჩვენი პოლიტიკური ოპონენტების მხრიდან და დღეს ეს მარტივი ჭეშმარიტება სამჯერ გაიმეორა ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა. ეს თავისთავად ფაქტია – როდესაც ქვეყანა ხდება ევროკავშირის წევრი, ამ დროს ის თმობს სუვერენიტეტის მნიშვნელოვან ნაწილს, ეს არის ფაქტი, მაგრამ კონკრეტული ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი პოლიტიკური უმცირესობების აქციაზე მისვლის კონტექსტში როცა აკეთებს ამ განცხადებას, ეს, რა თქმა უნდა, გარკვეულ შეშფოთებას იწვევს. სუვერენიტეტის დათმობაზე ამ კონტექსტში საუბარი სერიოზული შეშფოთების საგანია“, – აღნიშნა პრემიერმა.