ძალიან გამახარა იმ ფაქტმა, რომ პრემიერ-მინისტრმა მოსაზრებები გამაცნო საქართველოში მიმდინარე მოვლენების შესახებ, თურქეთში მიგვაჩნია, რომ ეს მოვლენები ქართველი ხალხის საუკეთესო ინტერესებით გადაწყდება, - ამის შესახებ თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან ერთად გამართული ერთობლივი ბრიფინგის დროს განაცხადა.
როგორც რეჯეფ თაიფ ერდოღანმა აღნიშნა, თურქეთი მზად არის საქართველოში უმსხვილეს პროექტებში მიიღოს მონაწილეობა.
„გასულ წელს ჩვენი სამი მილიარდი დოლარის მაჩვენებელს მივაღწიეთ ორმხრივი ვაჭრობის კონტექსტში, ჩვენ დავუთქვით ერთმანეთს, რომ ახალი სამიზნე ორიენტირი 5 მილიარდი იქნება. მიმაჩნია, რომ გვაქვს იმის პოტენციალი, რომ ძალიან მალე ამ ნიშნულს მივუახლოვდეთ და ჩვენი ბიზნეს შესაძლებლობები ავითვისოთ სრულად. რეგიონული თანამშრომლობის კონტექსტი ძალიან მნიშვნელოვანია თურქეთ-საქართველოს ურთიერთობებში და განვაგრძობთ ძალისხმევის განხორციელებას ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის პროექტის ამოქმედებაში, რომელიც არის შუა დერეფნის ხერხემალი და ისტორიული აბრეშუმის გზის გამოცოცხლება. იმედი მაქვს, ძალიან მალე ფუნქციონირებადი გახდება, ამ შემთხვევას ვიყენებთ და ერთმანეთს ვუდასტურებთ მზაობას, რომ სხვა სატრანსპორტო და ენერგეტიკულ პროექტებზეც ვიმუშავებთ იგივე წარმატებით.
პრემიერ-მინისტრს განვუცხადე, რომ მზად ვართ საქართველოს უმსხვილეს პროექტებში მივიღოთ მონაწილეობა, აეროპორტის , პორტების მშენებლობაში, ენერგეტიკის მიმართულებით, გადამცემი ხაზების მშენებლობაში, უსაფრთხოების თანამშრომლობის კუთხითაც აღვუთქვით ერთმანეთს თანამშრომლობის სურვილი და დაპირება. ასევე ორგანიზებული დანაშაულისა და ტერორისტული ორგანიზაციების, განსაკუთრებით „ფეტას“ და „პეკაკას“ მიმართულებით დავპირდით ერთმანეთს, რომ ვითანამშრომლებთ, რათა ამ უკანონო თურქულ ორგანიზაციებს ვებრძოლოთ, რაც ჩვენს მოქალაქეებს უქმნის საფრთხეს. მზად ვართ, რომ ქვეყნის შიგნით და გარეთ ვითანამშრომლოთ და ძალისხმევა არ დავაკლოთ ამ მიმართულებას. ჩვენი ქვეყანა გააგრძელებს ტერორისტების დევნას და დასჯას“, - განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა.