დღეს საქართველოს საერთაშორისო მეგობრები და განსაკუთრებით ევროპელები ამბობენ, რომ ევროპის გული არის სწორედ თბილისში, ევროპის დედაქალაქი არის სწორედ თბილისი და ისინი ყველაფერს გააკეთებენ, რომ გვერდით დაუდგნენ ქართველ ხალხს ჩვენი ევროპული მომავლის დასაცავად, – ამის შესახებ საპარლამენტო ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე თინა ბოკუჩავამ განაცხადა, რომელიც ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებს ხვდება.
მისი თქმით, ქართველი ხალხი ამ ბრძოლაში აუცილებლად გაიმარჯვებს.
„ეს იყო გზავნილები, როდესაც ჩვენ შევხვდით გერმანიის და ლიეტუვის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეებს, დღეს კიდევ დაემატა სხვა ევროპული ქვეყნები, რომლებიც აცხადებენ მზაობას, რომ ქართველ ხალხთან ერთად დაიცავენ ჩვენი ქვეყნის ევროპულ მომავალს. ისინი ძალიან კარგად ხედავენ, რომ ბიძინა ივანიშვილმა ერთის მხრივ ბრძოლა გამოუცხადა საკუთარ ხალხს და ამისთვის იყენებს სახელმწიფო ინსტიტუტებს, მათ შორის სხვადასხვა საპოლიციო დანაყოფებს, ეს არის ტერორი საკუთარი მოქალაქეების წინააღმდეგ და ასევე ბრძოლა გამოუცხადა დასავლეთს და ცდილობს, რომ ის ისტორიული არჩევანი, რომლის რეალიზების შესაძლებლობა ახლა მართლაც უნიკალურია საქართველოსთვის, წაართვას. მე, როგორც არასდროს, დარწმუნებული ვარ საქართველოს ევროპული მომავლის რეალიზებაში, სისრულეში მოყვანაში, რადგან ქართველი ხალხი ამ ბრძოლაში აუცილებლად გაიმარჯვებს, თუმცა, რა თქმა უნდა, აქ არის ჩვენი პასუხისმგებლობაც და მე ვაპირებ, რომ ამაზეც ვისაუბრო ევროპულ ლიდერებთან და ეს არის ოპოზიციური გაერთიანება. ეს არის ხალხის დაკვეთა, ხალხი არის ერთიანი, ხალხი არის კონსოლიდირებული, ყოველდღიურად მათთან ერთად ვდგავარ როგორც ერთი რიგითი პროტესტანტი და ისინი ყოველთვის საუბრობენ ერთობის მნიშვნელობაზე მაშინ, როდესაც ქვეყნის ევროპული მომავალი არის გადასარჩენი“, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.