განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის თანამშრომელთა ნაწილი ცენტრის მიერ დღეს გაკეთებულ განცხადებას ემიჯნება.
"განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის თანამშრომელთა უმრავლესობა და ზოგადად, ცენტრის თანამშრომელთა ნაწილი, კატეგორიულად ვემიჯნებით ცენტრის ფეისბუქ გვერდზე გაკეთებულ დღევანდელ განცხადებას, რომლითაც ჩრდილი ადგება საქართველოს ახალგაზრდობის ნათელ, გულწრფელ და სამართლიან პროტესტს ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავლისა და ევროატლანტიკური მისწრაფებების მხარდასაჭერად. ქვეყანაში შექმნილია უმწვავესი მდგომარეობა, საფრთხე შეექმნა მოსახლეობის ცალსახა არჩევანს, რასაც ცენტრის თანამშრომლები დაარსების დღიდან ვემსახურებით. ჩვენი ყოველდღიური საქმიანობა ეყრდნობა სახელმწიფოს მიერ 33 წლის მანძილზე გაცხადებულ ევროატლანტიკურ დღის წესრიგს, ჩვენი წილი პასუხისმგებლობის ფარგლებში, გასული ორი წლის მანძილზე დაუღალავად ვმუშაობდით სამინისტროსთან ერთად ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მოსაპოვებლად და სტუდენტებთან, პროფესორებთან, უნივერსიტეტების ადმინისტრაციებთან თუ სამოქალაქო საზოგადოებასთან ერთად ვიზეიმეთ მიღებული შედეგი.
ვხელმძღვანელობთ რა უმაღლესი განათლების ევროპული სტანდარტებითა და სახელმძღვანელო პრინციპებით, ჩვენი უმთავრესი ღირებულებებია სტუდენტზე ორიენტირება, საგანმანათლებლო პროცესის მოქნილობა, ინდივიდუალური სასწავლო გეგმები, სწავლა-სწავლების მეთოდოლოგიის მრავალფეროვნება, აკადემიური თავისუფლება და ინსტიტუციური ავტონომია. მზად ვართ ვემსახუროთ განათლების ხარისხის განვითარების მიზნებს როგორც ამას ვაკეთებდით პანდემიის პირობებში და გვწამს, რომ საუნივერსიტეტო სივრცე ღირსეულად უზრუნველყოფს საგანმანათლებლო პროცესის ადეკვატურად წარმართვას, სწავლის შედეგების მიღწევას და საზოგადოების მსახურებას, რადგან არასდროს ასე საჭირო და დროული არ ყოფილა უნივერსიტეტის მესამე მისიის აღსრულება.
საქართველო უმაღლესი განათლების ევროპული სივრცის ნაწილია, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სააგენტოების ევროპული ქსელის სრული წევრია, აღიარებულია სამედიცინო განათლების მსოფლიო ფედერაციის მიერ, ჩართული ვართ ბოლონიის პროცესის განგრძობითი სამუშაო ჯგუფების მუშაობაში, ხელს ვუწყობთ ევროპული და ამერიკული კვლევითი გრანტების ქვეყანაში შემოდინებას, ქართული საგანმანათლებლო სისტემის მუდმივ ინტერნაციონალიზაციას და ათიათასობით საერთაშორისო სტუდენტიც ამ დამსახურებების საფუძველზე გვიერთდება ყოველწლიურად, რაც ამავდროულად მილიონობით დოლარის კონტრიბუციას უდრის ქვეყნის ეკონომიკაში. ეს ყველაფერი საბოლოო ჯამში ემსახურება ქართველი სტუდენტების დაწინაურებას და თანასწორობას მსოფლიო ასპარეზზე.
ღრმად გვწამს, რომ უნივერსიტეტი უნდა იყოს ავტონომიური, თითოეული პროფესორი და სტუდენტი კი თავისუფალი საკუთარი სინდისის წინაშე. ჩვენ ვდგავართ ჩვენი უნივერსიტეტების, სტუდენტების, პროფესორების, ექსპერტების გვერდით ჩვენი ევროპული მომავლის დასაცავად", - ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც ამ დროისთვის, ცენტრის 33 თანამშრომელი აწერს ხელს:
1. ნიკოლოზ ფარჯანაძე
2. ქეთევან ინანაშვილი
3. თორნიკე ბაქაქური
4. ლალი ოდიშვილი
5. ნინო შიოშვილი
6. გვანცა ძიძიგური
7. ნინო შეყილაძე
8. ანა ჯუღელი
9. ქეთი პავლიაშვილი
10. გიორგი ირემაშვილი
11. თათია მამრიკიშვილი
12. სოფიკო ქურასბედიანი
13. თამთა მოხევიშვილი
14. თამთა ანთიძე
15. ანი ბილანიშვილი
16. ნინო სარჯველაძე
17. ქრისტინე აბულაძე
18. ქეთევან ფანჩულიძე
19. ნინო გოგლიჩიძე
20. სოფო გაფრინდაშვილი
21. სოფო მგალობლიშვილი
22. ნინო ხითარიშვილი
23. ხატია ბერიძე
24. ნინო საამიშვილი
25. მარიამ გოგინაშვილი
26. ნინო დვალიშვილი
27. ელისაბედ ებრალიძე
28. თემურ თექთუმანიძე
29. მზია ყანჩელი
30. ნინო გაბიძაშვილი
31. თეა ლილუაშვილი
32. გვანცა მეტრეველი
33. თამარ ბიბილაშვილი
შეგახსენებთ, დღეს, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა განცხადება გაავრცელა, სადაც საგანმანათლებლო დაწესებულებებს სასწავლო პროცესის შეუფერხებლად წარმართვის უზრუნველყოფისკენ მოუწოდა.