თბილისის სამხატვრო აკადემიის სტუდენტების ნაწილი აცხადებს, რომ უერთდებიან სტუდენტების გაფიცვას და არ გამოცხადდებიან აუდიტორიებში.
"ჩვენ, სამხატვრო აკადემიის სტუდენტები, ვუერთდებით საერთო სტუდენტურ ინიციატივას. იქიდან გამომდინარე, რომ საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფი აკადემია დღემდე დუმს მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით, გადავწყვიტეთ, თანამოაზრეები გავერთიანდეთ.
ჩვენმა სფერომ თვალნათლივ დაინახა, რა კატასტროფული შედეგები მოუტანა დიქტატორულმა მმართველობამ ქართულ კულტურას. ამასთან, უფრო და უფრო რთული ხდება მაღალ მატერიებზე მსჯელობა აუდიტორიებში მაშინ, როცა ქუჩებში კანონით მონიჭებული აზრის თავისუფლება უკანონო, ბრუტალური ქმედებებით ისჯება.
ყოველივე კი იმ ევროპულ ღირებულებებს უპირისპირდება, რომლებიც ასე ფუნდამენტურია უნივერსიტეტებისთვის. შესაბამისად, ვუერთდებით რა პროტესტს, უარს ვაცხადებთ ორშაბათიდან აუდიტორიებში აკადემიური პროცესის განახლებაზე.
აკადემიურ პერსონალსა და ჩვენთვის პატივცემულ ლექტორ-პროფესორებს კი მივმართავთ თხოვნით, რომ შემოგვიერთდნენ საქართველოს უკეთესი მომავლისთვის.
არა რუსულ კანონს და ყველაფერ იმას, რაც ევროპულ გზას გვაშორებს!"
შეგახსენებთ, მანამდე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტების ნაწილმა განაცხადა, რომ 13 მაისიდან პროტესტის ნიშნად, უარს ამბობენ სასწავლო პროცესში მონაწილეობისგან.
თსუ-ს სტუდენტებს მხარდაჭერა გამოუცხადა კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტურმა მოძრაობამ, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის, საქართველოს უნივერსიტეტისა და "ალტე" უნივერსიტეტის სტუდენტებმა.