ბათუმის შოთა რუსთაველის უნივერსიტეტის სტუდენტების ნაწილი აცხადებს, რომ უერთდებიან სტუდენტების გაფიცვას და არ გამოცხადდებიან აუდიტორიებში.
სტუდენტების განცხადებით, სასწავლო პროცესს არ დაუბრუნდებიან, ვიდრე "ხელისუფლება უარს არ იტყვის რუსული კანონის ამოქმედებაზე".
"ჩვენ, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები ვირჩევთ ილიას გზას და დღეიდან, 2024 წლის 12 მაისიდან ვემიჯნებით სასწავლო პროცესს იქამდე, სანამ ჩვენი გაფიცვა არ გამოიღებს შედეგს, სანამ ეს ქვეყანა არ დაუბრუნდება ევროპულ გეზს და უარს იტყვის რუსული კანონის ამოქმედებაზე. ამ განცხადებით ვადასტურებ ჩემს მონაწილეობას ამ ისტორიულ პროცესში და ვუერთდები გაფიცვას", - წერია განცხადებაში.
შეგახსენებთ, მანამდე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტების ნაწილმა განაცხადა, რომ 13 მაისიდან პროტესტის ნიშნად, უარს ამბობენ სასწავლო პროცესში მონაწილეობისგან.
თსუ-ს სტუდენტებს მხარდაჭერა გამოუცხადა კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტურმა მოძრაობამაც.