ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებელები განცხადებას ავრცელებენ, სადაც აღნიშნავენ, რომ სტუდენტების მიერ სასწავლო პროცესის შეჩერების შემთხვევაში, თავადაც შეუერთდებიან.
"ჩვენ, ილიაუნის პროფესორ-მასწავლებლები ყურადღებით ვაკვირდებით ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს და მიუხედავად იმისა, რომ ფიზიკურად აქციებზე ვართ ახალგაზრდების გვერდით, გვსურს ოფიციალურად დავაფიქსიროთ ჩვენი პოზიცია. ჩვენ გვჯერა, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი ყოველთვის დგას ისტორიის სწორ მხარეს.
რუსული კანონის მიღებით ზიანდება ჩვენი და ჩვენი სტუდენტების მომავალი და ის ღირებულებები, რასაც ჩვენ მათ ვასწავლით - აზრს კარგავს. მაშინ, როდესაც ჩვენ და ჩვენს სტუდენტებს ქუჩაში უმოწყალოდ გვცემენ - საჭიროა გაერთიანება და ერთიანი ძალებით წინააღმდეგობის გაწევა.
შესაბამისად, სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ თუკი ილიაუნის სტუდენტები გადაწყვეტენ შეაჩერონ სასწავლო პროცესი და გამოაცხადონ დაუმორჩილებლობა, ჩვენ ვუერთდებით მათ! არა რუსულ კანონს! არა ძალადობას! ერთად ევროპისკენ და ევროპული მომავლისკენ!", - ნათქვამია განცხადებაში.
შეგახსენებთ, მანამდე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტების ნაწილმა განაცხადა, რომ 13 მაისიდან პროტესტის ნიშნად, უარს ამბობენ სასწავლო პროცესში მონაწილეობისგან.
ფოტო: Tornike Hanshtain