ლონდონში, ბრიტანეთის ბიბლიოთეკაში დაცულ "თავისუფლების დიდ ქარტიას" (Magna Carta) თავს დაესხნენ გარემოს დაცვის აქტივისტები - 82 წლის პროტესტანული ეკლესიის მღვდელმსახური ქალი სიუ პარფიტი და 85 წლის ბიოლოგიის ყოფილი მასწავლებელი ჯუდი ბრიუსი.
აქტივისტები დოკუმენტის, რომელიც შუშის საფარით არის დაცული, დაზიანებას ეცადნენ ჩაქუჩითა და საჭრისის გამოყენებით.
ლონდონის პოლიციის განცხადებით, აქტივისტები დაკავებულები არიან ნივთის დაზიანების ბრალდებით.
გავრცელებული ინფორმაციით, დოკუმენტი არ დაზიანებულა, უმნიშვნელოდ დაზიანდა მხოლოდ შუშის საფარი.
სიუ პარფიტის განცხადებით, "თავისუფლების დიდ ქარტიას" უდიდეს პატივს სცემენ, რომელსაც უდიდესი მნიშვნელობა აქვს "ჩვენი ისტორიისთვის, ჩვენი თავისუფლებისთვის და ჩვენი კანონებისთვის".
"მაგრამ არ იქნება თავისუფლება, კანონიერება და უფლებები, თუ დავუშვებთ იმ კატასტროფას, რომელიც ახლა კლიმატის სფეროში ხდება", - თქვა მან.
აქტივისტები წარმოადგენენ მოძრაობა Just Stop Oil-ს, რომელიც მოითხოვს, ბრიტანეთის მთავრობამ შეწყვიტოს წიაღისეულ საწვავის მოპოვებაზე ნებართვების გაცემა.
"თავისუფლების დიდი ქარტიის" ოთხი შემორჩენილი ასლიდან ინახება ბრიტანეთის ეროვნულ ბიბლიოთეკაში, დანარჩენი ორი კი ლინკოლნისა და სოლსბერის ტაძრებში.
"თავისუფლების დიდი ქარტია" 1215 წლის ივნისში მიიღეს. ის იყო პირველი დოკუმენტი, რომელიც აღიარებდა, რომ მონარქი და მისი მთავრობა კანონზე მაღლა არ დგას.
დოკუმენტი დიდი ბრიტანეთის მმართველობის სისტემის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს საფუძვლად მიიჩნევა.