ერევანში სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანის გადადგომის მოთხოვნით ფართომასშტაბური აქციები მიმდინარეობს. საპროტესტო აქციაზე სომხური სამოციქულო ეკლესიის ტავუშის ეპარქიის მთავარეპისკოპოსი ბაგრატ გალსტანიანი და მისი მომხრეები აცხადებენ, რომ აზერბაიჯანთან საზღვრის დემარკაციის ფარგლებში ცალმხრივი დათმობების წინააღმდეგ გამოდიან.
ამ მოთხოვნით მან საპროტესტო მსვლელობა მოაწყო, რომელიც სოფელ კირანციდან დაიწყო და დღეს ერევანში დასრულდა.
ბაგრატ გალასტიანმა სომხეთის პრემიერ-მინისტრს გადადგომისთვის ერთსაათიანი ვადა მისცა და განაცხადა, რომ მზადაა, ნიკოლ ფაშინიანს შეხვდეს, რათა მისი ხელისუფლებიდან წასვლის პირობები განიხილოს.
აპრილში სომხეთი და აზერბაიჯანი საზღვრის მონაკვეთის დელიმიტაცია-დემარკაციის პროცესის დაწყებაზე ისტორიაში პირველად შეთანხმდნენ. საუბარია სომხეთის ტავუშის პროვინციისა და აზერბაიჯანის ყაზახის რაიონების სასაზღვრო ზონაზე, სადაც მდებარეობდა ოთხი სოფელი, რომლებსაც ერევანი ყარაბაღის პირველი ომის შემდეგ აკონტროლებდა.
სომხეთში საპროტესტო გამოსვლები 20 აპრილიდან გრძელდება.