მოსკოვი და ერევანი შეთანხმდნენ სომხეთის ზოგიერთი რეგიონიდან რუსი სამხედროებისა და მესაზღვრეების გაყვანაზე, განაცხადა კრემლის სპიკერმა დიმიტრი პესკოვმა.
"ფაშინიანმა თქვა, რომ დღეს, შეცვლილი პირობების გამო, ასეთი საჭიროება აღარ არის, ამიტომ პრეზიდენტი პუტინი დათანხმდა და ისინი ჩვენი სამხედროების და მესაზღვრეების გაყვანაზე შეთანხმდნენ", - თქვა მან.
ამასთან, რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა აღნიშნა, რომ სომხური მხარის მოთხოვნით, რუსი მესაზღვრეები სომხეთ-თურქეთისა და სომხეთ-ირანის საზღვარზე დარჩებიან.
"ისინი იქ დარჩებიან და გააგრძელებენ თავიანთი ფუნქციების შესრულებას", - დასძინა პესკოვმა.
პესკოვის თქმით, 2020 წლის შემოდგომაზე, რუსი სამხედროები და მესაზღვრეები სომხეთის რამდენიმე რეგიონში სომხური მხარის მოთხოვნით, განლაგდნენ.
რუსი სამხედროების სომხეთიდან გაყვანის თაობაზე განცხადება გაავრცელა ასევე სომხეთის პარლამენტის ფრაქცია „სამოქალაქო პარტნიორობის ხელმძღვანელმა, ჰაიკ კოჯნორიანმა.
მისი განცხადებით, რუსი სამხედროები გავლენ ტავუშის, სიუნიკის, ვაიოც ძორის, გეღარქუნიკის და არარატის რეგიონებიდან.
მისივე თქმით, შეთანხმების შედეგად, რუსი მესაზღვრეები გავლენ ზვარტნოცის საერთაშორისო აეროპორტიდან.