შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯო ბაიდენი პირველი საჯარო და მკაცრი გაფრთხილებით გამოვიდა ისრაელის მისამართით, რომ აშშ შეწყვეტს იარაღის მიწოდებას, თუ ისრაელის ძალები განახორციელებენ სრულმასშტაბიან შეტევას რაფაჰში.
"მე გარკვევით განვაცხადე, რომ თუ ისინი რაფაში შევლენ... მე არ ვაძლევ იარაღს, რომელიც ისტორიულად გამოიყენებოდა რაფაჰში ქალაქებისა და სხვა პრობლემებთან გასამკლავებლად", - განუცხადა მან CNN-ს.
შეერთებულმა შტატებმა ბაიდენის ამ განცხადებამდეც მკაფიოდ აჩვენა, რომ მხარს არ უჭერს ისრაელს ღაზას სამხრეთ ქალაქზე შეტევის განხორციელებაში.
"ღაზის სექტორში სამოქალაქო პირები იმ ბომბებისა და სხვა საშუალებების შედეგად მოკვდნენ, რომლებიც დასახლებულ ცენტრებში ვარდება", - დასძინა ბაიდენმა.
ბაიდენმა ასევე თქვა, რომ აშშ გააგრძელებს ისრაელისთვის თავდაცვითი იარაღის, მათ შორის „რკინის გუმბათის“ საჰაერო თავდაცვის სისტემისთვის საჭირო რაკეტების მიწოდებას.
შეგახსენებთ, აშშ-ის თავდაცვის მდივანმა ლოიდ ოსტინმა ოთხშაბათს დაადასტურა ცნობები ვაშინგტონის გადაწყვეტილების შესახებ, შეჩერებულიყო ისრაელისთვის საბრძოლო მასალის მიწოდება ღაზას სექტორში ქალაქ რაფაჰის გარშემო შექმნილი ვითარების გამო.
Bloomber-ი იტყობინება, რომ ვაშინგტონმა ამ ეტაპზე შეაჩერა სამიათას ხუთასი ბომბის მიწოდება. ვაშინგტონი შიშობს, რომ ეს იარაღი შესაძლოა ისრაელს ქალაქ რაფაჰის წინააღმდეგ ოპერაციაში გამოეყენებინა.