მოსკოვში წითელ მოედანზე აღლუმი გაიმართა გამარჯვების დღის აღსანიშნავად, რომელიც რუსეთში 9 მაისს აღინიშნება.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, აღლუმში მონაწილეობა ცხრა ათასზე მეტმა ადამიანმა და 70 ერთეულმა ტექნიკამ მიიღო.
აღლუმს მხოლოდ 9 უცხო ქვეყნის ლიდერ ესწრებოდა: ბელარუსი, ყაზახეთი, ყირგიზეთი, ტაჯიკეტი, უზბეკეთი, თურქმენეთი, კუბა, გვინეა-ბისაუ და ლაოსი. აღლუმის დასრულების შემდეგ სახელმწიფოს ლიდერებმა ალექსანდრეს ბაღში უცნობი ჯარისკაცის საფლავი ყვავილებით შეამკეს.
გასული წლის აღლუმს მხოლოდ 7 უცხო ქვეყნის ლიდერი ესწრებოდა.
აღლუმზე სიტყვით გამოვიდა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი. სიტყვით გამოსვლისას პუტინმა განაცხადა, რომ რუსეთის „სტრატეგიული ძალები“ „ყოველთვის საბრძოლო მზადყოფნაში არიან“.
მისი თქმით, რუსეთის ფედერაცია „ყველაფერს გააკეთებს გლობალური კონფლიქტის თავიდან ასაცილებლად, მაგრამ ამავდროულად ჩვენ არავის მივცემთ უფლებას დაგვემუქროს”.
მან ასევე კიდევ ერთხელ დაადანაშაულა „დასავლური ელიტა“ „რევანშიზმში, ისტორიის დაცინვაში და ნაცისტების ამჟამინდელი მიმდევრების გამართლების სურვილში“.
„ისინი ანადგურებენ ნაციზმის წინააღმდეგ ნამდვილი მებრძოლების მემორიალებს, ნაცისტ თანამზრახველებს კვარცხლბეკზე აყენებენ და ანადგურებენ განმათავისუფლებელი ჯარისკაცების ხსოვნას“, - თქვა პუტინმა.
გასული წლის მსგავსად, მოსკოვში გამარჯვების დღის აღლუმში მონაწილეობა მიიღო მხოლოდ ერთმა T-34 ტანკმა, რომელიც დაახლოებით 80 წლისაა. გარდა ამისა, აღლუმში წარმოდგენილი იყო ისკანდერის სარაკეტო სისტემები, С-400 ტიპის საჰაერო თავდაცვის სისტემები, Су-30, МиГ-29 და Су-25 ტიპის გამანადგურებლები.