სომხეთი თანხას არ გამოყოფს კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის (ОДКБ) საქმიანობის დასაფინანსებლად. განაცხადა საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესმდივანმა ანი ბადალიანმა.
"სომხეთი თავს შეიკავებს, შეუერთდეს ОДКБ-ს 2024 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ, 2023 წლის 23 ნოემბრის გადაწყვეტილებას და ორგანიზაციის საქმიანობის დაფინანსებაში მონაწილეობისგან", - განაცხადა ბადალიანმა. ამასთან, მისი თქმით, ერევანი არ შეეწინააღმდეგება ОДКБ-ის ბიუჯეტის შეზღუდული ფორმატით დამტკიცებას.
2023 წელს, სომხეთმა, სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციაში საწევრო გადასახადებისთვის, სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაახლოებით 2 მილიარდი დრამი (470 მილიონ რუბლზე მეტი) გამოყო. აქედან, დაახლოებით 1.5 მლრდ დრამი იყო გამოყოფილი ОДКБ-ისა და ევრაზიის ეკონომიკური კავშირისთვის. თანხების ოდენობა ჟურნალისტებმა გამოთვალეს. საგარეო საქმეთა სამინისტრო ზუსტ მონაცემებს არ ასაჯაროებს.
მანამდე, სომხეთმა ფაქტობრივად, გაყინა წევრობა ОДКБ-ში და ამასთანავე, ბლოკის საქმიანობაში მონაწილეობა შეწყვიტა. მათ შორის, ერთობლივ სამხედრო წვრთნებში. პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა არაერთხელ გამოთქვა უკმაყოფილება იმის გამო, რომ ორგანიზაცია, დე ფაქტო რუსეთის ხელმძღვანელობით, არ ასრულებს თავის მოკავშირე ვალდებულებებს სომხეთის მიმართ.
მოგვიანებით, ფაშინიანმა არ გამორიცხა ОДКБ-დან გასვლა, თუ ორგანიზაცია არ განსაზღვრავდა სომხეთის სუვერენული ტერიტორიის საზღვრებს, რომლის დასაცავად იგი მზად იქნებოდა. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ამ განცხადებას "ულტიმატუმი და შეურაცხმყოფელი რიტორიკა" უწოდა.
რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა აღნიშნა, რომ სომხეთის გასვლა ОДКБ-დან ერევნის ინტერესებს არ შეესაბამება.