ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია რუსული კანონის მოწინააღმდეგეებისთვის მიმართ სატელეფონო მუქარებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
საია პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორს ასევე, მოცემულ საკითხზე სამსახურის შესაბამის პასუხისმგებელ პირებს მოუწოდებს, დაინტერესდნენ ამ მოვლენით, კომპეტენციის ფარგლებში შეისწავლონ და საზოგადოებას აცნობონ სახელმწიფო უწყების, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის პოზიცია.
"2024 წლის 7 მაისიდან აქტიურად მიმდინარეობს როგორც უცხო სახელმწიფოების, ისე ქართული ნომრებიდან, რუსული კანონის წინააღმდეგ საპროტესტო აქციებში ჩართული პირებისა და უფლებადამცველების (ან მათი ოჯახის წევრების) მისამართით სატელეფონო ზარების მიღება. პასუხის შემთხვევაში, ზარის ავტორი იყენებს სიძულვილის და შეურაცხმყოფელ ენას ზარის ადრესატის მისამართით.
ეს ზარები, სიხშირის, სისტემურობის, დავიწროებული, კონკრეტული ნიშნით გამოყოფილ ადრესატთა წრის გათვალისწინებით, აჩენს დასაბუთებულ ვარაუდს, რომ, შესაძლოა მონაცემთა დამუშავება კანონის დარღვევით, შესაბამისი სახელმწიფო უწყებების ბაზების გამოყენებით ხდება", - ნათქვამია განცხადებაში.
შეგახსენებთ, მეორე დღეა ყალბი ნომრებიდან ურეკავენ, აგინებენ და მოკვლით ემუქრებიან მათ და მათი ოჯახის წევრებს, ვინც "ქართული ოცნების" პოლიტიკას და რუსულ კანონს აპროტესტებს.