მეორე მსოფლიო ომის დასრულებისადმი მიძღვნილ ღონისძიებებთან დაკავშირებით, რომელიც ევროპაში 8-9 მაისს აღინიშნება, ბერლინის პოლიციამ ქალაქსა და მის შემოგარენში საბჭოთა ძეგლების სიახლოვეს რუსული სიმბოლიკების გამოყენება აკრძალა.
ამ დღეებში პარკებში მდებარე მემორიალების ტერიტორიაზე აკრძალულია რუსული დროშები, გეორგიევსკის ლენტები, ფორმები, ორდენები, სამხედრო და მარშის სიმღერები, ასევე სიმბოლოები, რომლებიც განადიდებენ რუსეთის ომს უკრაინაში. მათ შორის სიმბოლო Z.
გამონაკლისი გათვალისწინებულია მხოლოდ მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებისთვის, დიპლომატებისთვის და მთავრობის სხვა წარმომადგენლებისთვის. შეზღუდვები ასევე არ ვრცელდება ძეგლებისა და მიმდებარე ტერიტორიების გარეთ გამართულ აქციებზე. აქ მოქმედებს შეხვედრების შესახებ კანონის ჩვეულებრივი წესები.
ბერლინში რუსეთის საელჩომ მოუწოდა ხელისუფლებას გააუქმოს აკრძალვა რუსული სიმბოლოების შესახებ საბჭოთა ძეგლების ტერიტორიაზე. „ჩვენ მივიჩნევთ ამ აკრძალვას, როგორც დისკრიმინაციას, რომელიც ეწინააღმდეგება ომისშემდგომ პერიოდში რუსეთისა და გერმანიის ხალხების ისტორიულ შერიგებას, მიგვაჩნია, რომ ბერლინის ხელისუფლების გადაწყვეტილება მიუღებელია“, - ნათქვამია საელჩოს განცხადებაში.