გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, უკანონო ტყითსარგებლობასთან ბრძოლის ფარგლებში, 2024 წლის 01 აპრილიდან 30 აპრილის ჩათვლით, უკანონო ტყითსარგებლობის 268 ფაქტი გამოავლინეს. მათ შორის, 218 ხე-ტყის უკანონო მოპოვება-ტრანსპორტირებას ეხება, 50 კი, სახერხი საამქროების მიერ ტექნიკური რეგლამენტის დარღვევისა და უკანონო სახერხი საამქროების ფაქტებია. სამართალდარღვევებიდან 26 ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს.
უკანონო ტყითსარგებლობის ყველაზე მეტი - 88 ფაქტი გამოვლენილია კახეთში. სამცხე-ჯავახეთში დაფიქსირდა 42 სამართალდარღვევა, სამეგრელო-ზემო სვანეთში - 31, აჭარაში - 30, იმერეთში - 29, გურიაში - 18, შიდა ქართლში - 15, მცხეთა-მთიანეთში - 7, რაჭა-ლეჩხუმი- ქვემო სვანეთში - 5, ქვემო ქართლში - 3.
ჯამში ამოღებულია უკანონოდ მოპოვებული 157 კუბურ მეტრზე მეტი მოცულობის ხე-ტყე.
ამავე პერიოდში, ქვეყნის მასშტაბით, დალუქულია 16 ერთეული არარეგისტრირებული სახერხი საამქრო.
მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებებში გადაიგზავნა.
უკანონო ტყითსარგებლობასთან ბრძოლა გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტისთვის პრიორიტეტია. მიმდინარე წლის პირველ 4 თვეში, დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ქვეყნის მასშტაბით, უკანონო ტყითსარგებლობის 984 ფაქტი გამოავლინეს.