8 მაისის ღამეს რუსეთმა უკრაინის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე მასიური სარაკეტო შეტევა განახორციელა. ქვეყნის მასშტაბით საჰაერო თავდასხმის განგაში გამოცხადდა.
უკრაინის ენერგეტიკის მინისტრ გერმან გალუშჩენკო განცხადებით, ელექტროენერგიის გამომუშავებისა და გადაცემის ობიექტები ექვს რეგიონში დაზიანდა: პოლტავა, კიროვოგრადი, ზაპოროჟიე, ლვოვი, ივანო-ფრანკოვსკი და ვინიცია.
მისი თქმით, თავდასხმის შედეგები ზუსტდება და ენერგეტიკოსები უკვე მუშაობენ მათ აღმოსაფხვრელად.
სარაკეტო შეტევა ასევე მიმართული იყო კიევზე. თუმცა, კიევის საქალაქო სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, სერჰი პოპკოს განცხადებით, დედაქალაქის ტერიტორიისკენ მიმართული ყველა საფრთხე საჰაერო თავდაცვის სისტემებმა გაანადგურეს.
მან ასევე განმარტა, რომ დარტყმა განხორციელდა X-101/X-555/X-55 რაკეტებით, რომლებიც გაშვებული იყო Ту-95МС ტიპის სტრატეგიული ბომბდამშენებიდან.
რუსეთის სისტემატური თავდასხმების შედეგად უკრაინის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის ნახევარი უკვე დაზიანებულია, განაცხადა მაისის დასაწყისში ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა დიმიტრი კულებამ.
Ukrenergo გამოვიდა გაფრთხილებით, რომ უკრაინას შესაძლოა ამ ზაფხულს ელექტროენერგიის დეფიციტი შეექმნას. „რადგან ელექტროსადგურების სრულ აღდგენას საკმაოდ დიდი დრო დასჭირდება“, - განაცხადა Ukrenergo-ს კომუნიკაციების დირექტორმა.
მისი თქმით, უკრაინას მოუწევს დეფიციტის დაფარვა ევროპიდან ელექტროენერგიის იმპორტით, ასევე მრეწველობისა და ბიზნესისთვის მოხმარების შეზღუდვით.