აზიის განვითარების ბანკის (ADB) 57-ე წლიური შეხვედრების ფარგლებში საქართველოს ეროვნულ ბანკს კამბოჯის ეროვნული ბანკის დელეგაცია ეწვია.
სამუშაო შეხვედრის დასრულების შემდეგ ორი ქვეყნის ცენტრალურ ბანკს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
მემორანდუმს ხელი მოაწერეს საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ნათია თურნავამ და კამბოჯის ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა სერეი ჩიმ.
საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, შეთანხმების მიზანია უზრუნველყოს მხარეთა შორის უფრო მჭიდრო თანამშრომლობის ჩარჩო, რათა ხელი შეეწყოს ორი ქვეყნის ცენტრალურ ბაკს შორის თანამშრომლობის გაღრმავებას მათი ძირითადი ფუნქციებისა და მანდატის ფარგლებში.
"მხარეები უზრუნველყოფენ რეგულარულ ტექნიკურ თანამშრომლობას ექსპერტულ დონეზე ცენტრალური ბანკის ისეთ მიმართულებებზე, როგორებიცაა მონეტარული პოლიტიკის ინსტრუმენტების შემუშავება, საპროცენტო განაკვეთის დერეფნის დადგენა, ლიკვიდობის პროგნოზირება, დედოლარიზაციის გამოცდილება, საგადახდო სისტემები და ციფრული ინოვაციები საგადახდო სერვისებში. ამ მიზნით იგეგმება შესაბამისი დისკუსიების გამართვა, ასევე, ერთობლივი სემინარებისა და კვლევების წარმოება ურთიერთშეთანხმებულ სფეროებში.
მემორანდუმით ასევე გათვალისწინებულია მხარეებს შორის მონაცემებისა და ინფორმაციის გაცვლა ეკონომიკურ და ფინანსურ მოვლენებსა და ცენტრალური ბანკის საქმიანობის საკითხებზე. მათ შორის, თითოეული მხარის იურისდიქციაში მოქმედი კანონებისა და რეგულაციების შესახებ", - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
მიღწეულ შეთანხმებას ეხმიანება კამბოჯის მედია Khmer Times-ი. გამოცემის ინფორმაციით, საქართველოს ეროვნული ბანკის ხელმძღვანელმა კამბოჯელ კოლეგას გაუზიარა საქართველოში ბოლო 10 წლის განმავლობაში დოლარიზაციის შემცირებაში მიღწეული წარმატება. მათივე ცნობით, ეს გამოცდილება დაეხმარება კამბოჯის ცენტრალურ ბანკს, ხელი შეუწყოს ადგილობრივი ვალუტის - რიელის - უფრო ფართოდ გამოყენებას.
ვიზიტთან დაკავშირებით თავის სოციალურ გვერდზე განცხადება გამოაქვეყნა კამბოჯის ცენტრალური ბანკის პრეზიდენტმა სერეი ჩიმ. მისი თქმით, კამბოჯასა და საქართველოს ანალოგიური ვითარება აქვთ, განსაკუთრებით დოლარიზაციის ფონზე.
"საქართველომ 2015 წლიდან დღემდე 90 პროცენტიდან 45 პროცენტამდე შეამცირა დოლარიზაციის მაჩვენებელი", - დასძინა მან.